რუსეთი საწვავის კრიზისის ზღვარზეა - კრემლი საგანგებო სხდომას იწვევს - უკრაინის დაზვერვა

მსოფლიო 1747306445
რუსეთი

რუსეთი სანქციების, უკრაინის თავდასხმებისა და ნავთობზე მსოფლიო ფასების ვარდნის გამო საწვავის კრიზისის ზღვარზეა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში წერია, რაც მის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

კერძოდ, დაზვერვის ინფორმაციით, კრემლმა საგანგებო სხდომა ჩანიშნა ქვეყნის შიგნით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების საგანგაშო შემცირების გამო. ფედერაციის მთავრობა შიშობს, რომ შიდა ბაზარზე, განსაკუთრებით, თესვის სეზონზე შესაძლოა, საწვავის დეფიციტი გაჩნდეს.

ქვეყანაში საწვავის მიწოდების შემცირება რუსეთის ენერგეტიკული ჯაჭვის ძირითადი ელემენტის, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების რენტაბელობის დაცემის შედეგია.

ნავთობის შიდა ტრანსპორტირების შემცირება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ეს არის ნავთობგადაქაჩვის ტარიფების ზრდა, რაც 1 იანვრიდან 9.9%-ით გაიზარდა და შიდა ბაზრის მომგებიანობაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა.

ასევე, გაიზარდა აქციზის გადასახადი: AI-95-ის ბენზინის ფასმა ტონაზე 212.8 დოლარამდე, ხოლო დიზელის ფასმა 150.9 დოლარამდე მოიმატა. შედეგად შიდა ბაზარი ნაკლებად მიმზიდველი გახდა მწარმოებლებისთვის, რომლებიც სულ უფრო მეტად არიან ორიენტირებული ექსპორტზე ან წარმოებას ამცირებენ.

შემცირდა დემპინგური გადახდები, რომლებიც საწვავის შიდა ფასების შენარჩუნებისთვის არის მიმართული. წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ამ სუბსიდიების მოცულობა 2.5-ჯერ მეტად, კერძოდ, იანვრის 1.9 მლრდ დოლარიდან აპრილში 780 მლნ დოლარამდე შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების სამთავრობო მხარდაჭერა სწრაფად სუსტდება.

ამასთან, გაჩნდა ლოგისტიკური სირთულეები, როგორიც არის მოძრავი შემადგენლობის დეფიციტი და რკინიგზით ნავთობის ტრანსპორტირების პრიორიტეტის შემცირება. ეს მაშინ, როცა საწვავის 60%-ზე მეტი მილსადენებით კი არა, არამედ რკინიგზითა და საავტომობილო გზებით გადაიზიდება, რაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დამატებით ტვირთს ქმნის.

„საწვავის მიწოდების შემცირება არა მხოლოდ ენერგეტიკული პრობლემა, არამედ რუსეთის ეკონომიკის სისტემური დესტაბილიზაციის სიგნალიცაა. სამრეწველო სექტორი, ფერმერები და ლოგისტიკა შესაძლოა, საწვავის დეფიციტის პირობებში აღმოჩნდეს, რაც ინფლაციურ ბუმსა და სოციალურ უკმაყოფილებას გამოიწვევს“, - წერს დაზვერვის სამსახური.

უწყების მონაცემებით, მიმდინარე მაისის მდგომარეობით, რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების ნაწილი სიმძლავრეებს ამცირებს, ხოლო თუ კრიზისი გაღრმავდა, საწარმოები შესაძლოა, დროებით ან სამუდამოდ დაიხუროს.

შედეგად რუსეთში ბიუჯეტის ამოწურვის ფონზე ენერგეტიკული კრიზისი „მომავლის სცენარი“ კი არა, არამედ არსებული რისკია, რომელიც სწრაფად მატერიალიზდება.

„თუ ამჟამინდელი დინამიკა გაგრძელდა, მოსკოვი შესაძლოა სსრკ-ს დაშლის შემდეგ ენერგეტიკული ვერტიკალისთვის ყველაზე სერიოზული სისტემური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს. სანქციების ზეწოლასთან, გაყიდვის ბაზრების დაკარგვასთან და სამხედრო ხარჯთან ერთად ეს ქმნის რეალურ წინაპირობებს რუსეთის ეკონომიკის მთავარი საყრდენის, ნავთობისა და გაზის სექტორის ჩამოსაშლელად“, - წერს საგარეო დაზვერვის სამსახური.

ცნობისთვის: 26 მარტის მდგომარეობით, რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად მიყენებულმა ზარალმა ექვსი თვის განმავლობაში 658 მლნ დოლარი შეადგინა.

bpn.ge