გლობალური ყავის ექსპორტი თითქმის 12%-ით გაიზარდა

ყავა

გლობალური ყავის ექსპორტი 2023/24 მარკეტინგულ სეზონზე, რომელიც წინა წლის ოქტომბრიდან წლევანდელი სექტემბრის პერიოდს მოიცავს, 11,7%-ით გაიზარდა და 137,27 მლნ ტომარა შეადგინა. ერთი ტომრის წონა 60 კგ-ია.

ამის შესახებ ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICO-ს) ანგარიშში წერია.

ამასთან, მწვანე, ანუ მოუხალავი ყავის გადაზიდვები 11,8%-ით, 123,75 მლნ ტომრამდე გაიზარდა.

მაკრორეგიონებს შორის ყავის უმსხვილესი ექსპორტიორის პოზიციას სამხრეთ ამერიკა ინარჩუნებს, რომელმაც 2023/24 წლიურ სეზონზე მიწოდება 30,7%-ით, 66,13 მლნ ტომრამდე გაზარდა.

კერძოდ, ყავის რეკორდული გადაზიდვის მაჩვენებელი ბრაზილიაში დაფიქსირდა, რამაც 49,03 მლნ ტომარა შეადგინა.

თუმცა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ყავის გაყიდვები დასრულებულ სეზონზე 6,7%-ით, 40,62 მლნ ტომრამდე შემცირდა, მაშინ, როცა აფრიკის მიწოდება, პირიქით, 17,3%-ით, 16,02 მლნ ტომრამდე გაიზარდა.