ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უფლება მისცა ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს - reuters

მსოფლიო 1731909600
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი აშშ-ის ორ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ვაშინგტონის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს.

ამასთან, მედია, წერს, რომ ოპერატიული უსაფრთხოების გამო წყაროებმა დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს. ამასთან, აღინიშნება, რომ უკრაინა გეგმავს განახორციელოს თავისი პირველი შორ მანძილზე შეტევები უახლოეს დღეებში.

reuters-ი წერს, რომ აღნიშნული ნაბიჯი გადაიდგა ორი თვით ადრე, ვიდრე არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 20 იანვარს თანამდებობაზე დაინიშნება.

აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ცვლილება არის რუსეთის ძალებში ჩრდილოეთ კორეის სახმელეთო ჯარების განლაგების პასუხი, რამაც ვაშინგტონსა და კიევში შეშფოთება გამოიწვია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა, რომ უკრაინის სამხედროებს ჰქონოდათ საშუალება გამოეყენებინათ ამერიკული იარაღი რუსულ სამხედრო სამიზნეებზე დასარტყმელად საზღვრიდან მოშორებით.