იოშიტომო ნარა - ყველაზე ძვირად ღირებული იაპონელი მხატვარი

იოშიტომო ნარას ნახატი

Haze Days - ასე ჰქვია ყველაზე ძვირად ღირებული იაპონელი მხატვრის იოშიტომო ნარას 1998 წელს შესრულებულ ნამუშევარს, რომელიც 15 ოქტომბერს, Christie’s-ის აუქციონზე გამოვა. სავარაუდო გასაყიდი ფასი 8.7 მლნ-დან 11.4 მილიონ აშშ დოლარამდეა.

Hazy Days

ნახატთან დაკავშირებით დიდი მოლოდინებია, რადგან ეს ნამუშევარი იმ პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც მხატვარი გერმანიაში ცხოვრობდა და პირველი ნამუშევრები თავის იმიჯურ სტილში შეასრულა. საერთო ჯამში, ამ პერიოდში შესრულებული და ამ ზომის (150 სანტიმეტრზე მაღალი) მხოლოდ 22 ტილო არსებობს, რაც ნამუშევარს შესაძენად მომხიბვლელს ხდის.

აღსანიშნავია, რომ იოშიტომო ნარა ფართო საზოგადოებისთვის 1990-იან წლებში ხდება ცნობილი. ნარა ამ დროს ამთავრებს სწავლას გერმანიაში და გარკვეული პერიოდი გერმანიაშივე რჩება, სწორედ ამ პერიოდში აყალიბებს იგი მისთვის დამახასიათებელ სტილს.

1990-იანებშივე ნარას ნახატების საშუალო ფასი $60 000-დან $250 000-მდეა, ხოლო 2000-იანი წლებიდან, როდესაც ის საცხოვრებლად იაპონიაში ბრუნდება, მისი ნამუშევრების ფასი უფრო და უფრო იმატებს.

Knife behind back (2000)

იოშიტომო ნარას დღემდე ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი - knife behind back Sotheby's-ის სააუქციონო სახლის მიერ 2019 წელს $24.9 მილიონად გაიყიდა.

ნარას ნამუშევრების მიმართ მზარდ ინტერესს ადასტურებს ის ფაქტი, რომ Sotheby's-ის აუქციონიდან სულ რაღაც ორ წელიწადში, 2021 წელს, ნარას მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი Missing in Action იყიდება, უკვე Phillips-ის სააუქციონო სახლის მიერ, ჰონკონგში. ნახატის საბოლოო ფასი 15.9 მილიონი აშშ დოლარი იყო.

Missing in Action (2000)

იოშიტომო ნარას შემოქმედება დღეს

იოშიტომო ნარას ნამუშევრებისთვის საკმაოდ წარმატებული იყო მიმდინარე კვირაც. Sotheby's მიერ ჰონკონგში გამართულ მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე მისი ნამუშევარი სახელწოდებით Can’t Wait ’til the Night Comes 10.27 მილიონ აშშ დოლარად, ხოლო Phillips-ის სააუქციონო სახლის აუქციონზე ნამუშევარი სახელწოდებით Pinky 7.2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

Can’t wait ‘til the night comes

რა არის მისი ასეთი წარმატების მიზეზი?

After the Acid Rain

იოშიტომო ნარას ნამუშევრების სუბიექტი ინფანტილური ფიგურაა, რომელიც ხშირად თვალს უსწორებს დამთვალიერებელს; მას აქვს ამიმიკური სახე და მეტყველი თვალები, რომლებიც ღრმა შინაარსის მატარებელია.

დღევანდელი მსოფლიოს სურათი - ომი, პოლიტიკური დაძაბულობა, ატომური იარაღი, ბუნებრივი კატაკლიზმები და ამ მოვლენების შესაძლო შედეგები მისი ნამუშევრების მთავარი მოტივებია. სწორედ ამიტომ იოშიმოტო ნარას ნამუშევრებმა გლობალური მნიშვნელობა შეიძინა.

bm.ge