„შათდაუნი“ გრძელდება - სენატორებმა საბიუჯეტო დოკუმენტზე შეთანხმება ვერც მეხუთედ მოახერხეს

მსოფლიო 1759822019
აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებმა დროებით საბიუჯეტო დოკუმენტს კენჭი ვერც მეხუთე მცდელობისას უყარეს. შესაბამისად, ე.წ. შათდაუნი გრძელდება. როგორც BBC იუწყება, ვერც დემოკრატმა და ვერც რესპუბლიკელმა სენატორებმა ვერ მოახერხეს ისეთი პროექტის წარდგენა, რომელსაც 60 სენატორი დაუჭერდა მხარს.

მიმდინარე კრიზისს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი და არსებულ ვითარებაში დამნაშავედ დემოკრატები დაასახელა. თუმცა ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მიმართულებაზე “წითლები” “ლურჯებთან” მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზად არიან. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს რესპუბლიკური პარტიის მიერ უკან დახევას და დემოკრატების მოთხოვნის გათვალისწინებას შეიძლება მოასწავებდეს.

ცნობისთვის, ე.წ. შათდაუნი პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სენატმა დროებითი საბიუჯეტო პროექტს კენჭი ვერ უყარა, ფისკალური წელი კი ისე დაიწყო, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტი ქვეყანას დამტკიცებული არ ჰქონდა. რესპუბლიკელების შეფასებით, ამაში დამნაშავე დემოკრატები იყვნენ, რადგან ე.წ. ფილიბასტერის გამოყენებით “ლურჯებმა” დროებითი საბიუჯეტო პროექტის გატანისთვის 60 სენატორის მხარდაჭერის მოპოვება სავალდებულო გახადეს. ეს იმ ფონზე, როცა რესპუბლიკელებს საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. შეგახსენებთ, თავდაპირველად დაპირისპირება რესპუბლიკური პარტიის შიგნით ჯანდაცვის დაზღვევის სუბსიდირების საკითხზე დაიწყო. სენატორების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას მიღებული პროგრამა არაეფექტური იყო, შესაბამისად, ბიუჯეტის შემცირება მის ხარჯზე უნდა მომხდარიყო. მეორე ნაწილი კი აცხადებდა, რომ ალტერნატიული მოდელის გარეშე სუბსიდიების გაუქმება მოსახლეობას ჯანდაცვის დაზღვევის გარეშე დატოვებდა.