1746523049
კომბოსტოს მთავარი იმპორტიორი ირანია - რა ფასად შემოდის პროდუქტი, რომელიც მარკეტებში 2 ლარამდე ღირს

საქართველოსთვის კომბოსტოს მთავარი იმპორტიორი ირანია. როგორ საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, წელს იანვარ-მარტში საქართველომ ჯამში 3 216 ტონა ( 416.59 ათასი აშშ დოლარის) პროდუქტი შეიძინა, საიდანაც 99%-მდე ირანზე მოდიოდა.
მონაცემების მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში ირანიდან 3 181 ტონა კომბოსტოს (404.5 ათასი დოლარი) იმპორტი განხორციელდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის
3 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, პროდუქტის იმპორტი 4 937%-ით გაიზარდა. შარშან იანვარ-მარტში ქვეყანამ 63.84 ტონა (15.36 ათასი აშშ დოლარის) კომბოსტო შეიძინა, აქედან წლევანდელ ლიდერ ქვეყანაში - ირანში, საქართველომ მხოლოდ 46.5 ტონა კომბოსტო (6.96 ათასი დოლარი) იყიდა. შესაბამისად, გამოდის, რომ წელს პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ირანიდან კომბოსტოს იმპორტი თითქმის 70-ჯერ გაიზარდა.
რაც შეეხება ფასს, წელს 1 კგ იმპორტირებული პროდუქტის საშუალო ღირებულება 13 ცენტამდეა, ხოლო გასულ წელს, იგივე საანგარიშო პერიოდში 24 ცენტამდე იყო. (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია გადასახადების გარეშე).
ეს მაშინ, როდესაც ადგილობრივ ქსელურ მარკეტებში 1 კგ კომბოსტოს ღირებულება 2 ლარამდეა.
საქსტატის მიხედვით, წელს პროდუქტის მთავარი იმპორტიორების სამეული ასეთია:
- ირანი - 3 181 ტონა (404.52 ათასი აშშ დოლარი)
- რუსეთი - 21 ტონა (3.35 ათასი აშშ დოლარი)
- თურქეთი - 13.96 ტონა (8.16 ათასი აშშ დოლარი)
აღსანიშნავია, რომ აპრილში კომბოსტო იმ პროდუქტების ათეულში შევიდა, რომელზეც ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, აპრილში კომბოსტოზე ფასები წლიურად - 60.58%-ით გაიზარდა.