კრიპტოვალუტების ნახევარზე მეტი “მკვდარია”

კრიპტო

2021 წლიდან ჩაშვებული კრიპტოვალუტის მთლიანი პროექტების 52.7%-მა არსებობა შეწყვიტა. ამის შესახებ ანალიტიკურ პლატფორმა CoinGecko-ს მონაცემებში წერია, რასაც გამოცემა Finbold ავრცელებს.

კერძოდ, პლატფორმა GeckoTerminal-ზე განთავსებული, დაახლოებით, 3.7 მლნ ტოკენი, რომლებიც შემდგომში არააქტიური გახდა, გაუფასურდა ან მიმოქცევიდან მთლიანად იქნა ამოღებული.

კვლევის თანახმად, კრიპტოპროექტების დაცემის ტემპი სულ უფრო ჩქარდება: მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1,821,549 პროექტი ჩამოიშალა, რაც, მთელ 2024 წელთან შედარებით, 31.8%-ით მეტია. შარშან 1.382.010 „მკვდარი“ კრიპტოვალუტა დაფიქსირდა.

ანგარიშში კრიპტოპროექტების ჩავარდნის მთავარ მიზეზებად ბაზრის ზოგადი არასტაბილურობა და მემეკოინების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სახელდება. ასევე, ხაზგასმულია კრიპტოინდუსტრიის სწრაფი ზრდა.

კერძოდ, თუ 2021 წელს GeckoTerminal-ზე 428.383 პროექტი იყო განთავსებული, მიმდინარე წლისთვის ეს რიცხვი 16-ჯერ და უფრო მეტად, ანუ 7 მილიონამდე გაიზარდა.

ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ წელს ჩავარდნილი კრიპტოპროექტების რაოდენობა უკვე იმ კრიპტოვალუტების საერთო რაოდენობის 49.7%-ს შეადგენს, რომლებმაც 2021 წლიდან არსებობა შეწყვიტეს.

წარუმატებელი პროექტების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადით გამოწვეული ფართომასშტაბიანი ბაზრის ტურბულენტობაა.

ტრადიციული აქტივებისგან განსხვავებით, კრიპტოვალუტის ბაზარზე გაცილებით დიდ როლს საცალო ინვესტორები თამაშობენ, ამიტომ რეცესიის ან განახლებული ინფლაციის შიში ხშირად ტრეიდერების მასობრივ გადინებას იწვევს, რომლებიც რისკების შემცირებას ცდილობენ. ოქროს ფასების ბოლოდროინდელი ზრდის გამო თვით ბიტკოინის, როგორც დაცული აქტივისა და ღირებულების შენახვის პოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ამასთან, მემეკოინების პლატფორმების გაშვებამ ტოკენების შექმნისა და გაშვების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. ამან „ერთჯერადი“ პროექტების რეალური ნაკადი გამოიწვია, რომლებსაც ხანგრძლივი სიცოცხლის შანსი თავიდანვე არ ჰქონდათ. Binance-ის მონაცემები ადასტურებს, რომ მემეკოინების 97% უკვე გამქრალია.