Lufthansa მგზავრებისთვის ეკო-გადასახადს აწესებს

Lufthansa

გერმანიის ეროვნულმა და ევროპის უდიდესმა ავიაკომპანია Lufthansa-მ ავიაბილეთებს ეკოლოგიური გადასახადი დაამატა. მგზავრებს, მარშრუტისა და ტარიფის მიხედვით, 1-დან 72 ევრომდე გადახდა მოუწევთ.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

დამატებითი საფასური კონცერნის ყველა ავიაკომპანიის ფრენებს შეეხება. მათ შორის არის Austrian Airlines, Brussels Airlines, Lufthansa City Airlines, Discover Airlines, Eurowings, Lufthansa Cargo, Lufthansa Regional, Air Dolomiti, Lufthansa CityLine, Swiss International Air Lines და Edelweiss Air.

ეკო-გადასახადი ვრცელდება რეისებზე ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე, დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და ნორვეგიიდან.

თანხა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შემუშავებას მოხმარდება, რისი მიზანიც ატმოსფეროში ავიაციის მავნე ემისიების შემცირებაა. ავიაკომპანიამ მიზნად დაისახა, 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტს მიაღწიოს, ხოლო 2030 წლისთვის სითბური გაზების ემისიები, 2019 წელთან შედარებით, გაანახევროს.

ცნობისთვის: ევროკავშირში ავიაკომპანიები დაავალდებულეს, ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავზე თანდათან გადაერთონ. კერძოდ, წელს ეკოსაწვავის წილმა 2%, 2030 წლისთვის 6%, 2035 წლისთვის 20%, ხოლო 2050 წლისთვის 70% უნდა შეადგინოს. მაგალითად, გერმანულ კომპანია DHL Express-ს მიმდინარე წლიდან ბრიუსელის აეროპორტში თავისი თვითმფრინავები ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე გადაჰყავს.