1736857473
ჩინელებმა TikTok შესაძლოა, ილონ მასკს მიჰყიდონ
ჩინეთის ოფიციალური პირები, აშშ-ში აკრძალვის შემთხვევაში, TikTok-ის ამერიკული ოპერაციების ილონ მასკისთვის მიყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ.
ინფორმაციას სააგენტო Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონალდ ტრამპის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირესთან, ილონ მასკთან პოტენციური გარიგებით შესაძლოა, ჩინეთის მთავრობა დაინტერესდეს, რომელიც TikTok-ის გაყიდვის საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს. კერძოდ, ჩინეთის მთავრობაში განხილული ერთ-ერთი სცენარით, TikTok US-ზე კონტროლის სადავეები მასკის პლატფორმა X-ს გადაეცემა.
Bloomberg-ის შეფასებით, TikTok-ი, რომელსაც აშშ-ში 170 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, X-ის პოზიციას რეკლამის განმთავსებლების მიზიდვაში გააძლიერებს. ასევე, TikTok-ის მიერ გენერირებული მონაცემების დიდი რაოდენობით გამოყენებას მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-ც შეძლებს.
წყაროს ცნობით, ჩინელ ოფიციალურ პირებს მომავალ ქმედებებზე მკაფიო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ და მხოლოდ წინასწარი განხილვა მიმდინარეობს. უცნობია ისიც, მონაწილეობს თუ არა მშობელი კომპანია ByteDance ამ დისკუსიებში, ან თუ გაიმართა მოლაპარაკებები თავად მასკსა და TikTok-ს შორის პოტენციურ გარიგებაზე.
აპრილში მასკი წერდა, რომ TikTok აშშ-ში არ უნდა აიკრძალოს და ხელმისაწვდომი უნდა დარჩეს.
ჩინეთის მთავრობას ByteDance-ის შვილობილ კომპანიაში, ეგრეთ წოდებული, ოქროს წილი აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს, კომპანიის სტრატეგიასა და ოპერაციებზე გავლენა მოახდინოს. TikTok-ში ამტკიცებენ, რომ ეს კონტროლი მხოლოდ ჩინეთში, მის შვილობილ კომპანია Douyin-ზე ვრცელდება და ქვეყნის გარეთ ByteDance-ის ოპერაციებზე არ მოქმედებს.
თუმცა ჩინეთის საექსპორტო წესები, განსაკუთრებით, იმ ალგორითმების გაყიდვას კრძალავს, რომელსაც TikTok იყენებს. ამდენად, ჩინეთის მთავრობას ექნება მნიშვნელოვანი გავლენა ნებისმიერ პოტენციურ გაყიდვაზე, რომელიც TikTok-ის სარეკომენდაციო ალგორითმს მოიცავს.
ანალიტიკოსები TikTok-ის ამერიკულ ოპერაციებს 40-50 მლრდ დოლარად აფასებენ. ჯერ უცნობია, თუ როგორ შეასრულებს მასკი ასეთ ტრანზაქციას, დასჭირდება თუ არა ამისთვის სხვა აქტივების გაყიდვა და თუ დაითანხმებს აშშ-ის მთავრობას.
მასკი ჩინეთში ByteDance-ის ბევრ თანამშრომელს შორის დადებითი რეპუტაციით სარგებლობს. მას იქ წარმატებულ მეწარმედ თვლიან, რომელსაც კომპანია Tesla-ს მეშვეობით ჩინეთის მთავრობასთან ურთიერთობის გამოცდილებაც აქვს.