ნოდარ ჯავახიშვილი „ჰუალინგ ჯგუფს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაუბრუნდა

„ჰუალინგ ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი

„ჰუალინგ ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მას ნოდარ ჯავახიშვილი ჩაუდგება სათავეში. „ჰუალინგ ჯგუფის“პროექტებიდან, მარკეტინგის კუთხით, ნოდარის უშუალო პასუხისმგებლობაში შედის შემდეგი მიმართულებები: სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“, „ჰუალინგ პლაზას“ სავაჭრო ცენტრი, ქუთაისის ინდუსტრიული ზონა და ჰუალინგის სამშენებლო მიმართულება - ჰუალინგის ბინები.

ნოდარ ჯავახიშვილი: „ამ მომენტისთვის კარიერულად სიახლე ის არის, რომ გავაქტიურდი საგანმანათლებლო მიმართულებით და ვკითხულობ ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში და საქართველოს უნივერსიტეტში - მარკეტინგის,  ბრენდინგისა და პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით“.

რაც შეეხება ნოდარ ჯავახიშვილისა და „ჰუალინგ ჯგუფის“ კავშირს, მათი გზები დიდი ხნის წინათ გადაიკვეთა, როდესაც ის „ჰუალინგ პლაზაში“„მიჰაუსის“ პროექტზე მუშაობდა.

ნოდარ ჯავახიშვილი: „თავიდან ჰუალინგში„მიჰაუსის“ პროექტზე ვიყავი. „მიჰაუსი“ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია, რომლის შექმნაში მეც ვმონაწილეობდი. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ „მიჰაუსს“ ბაზარზე ახალი სიტყვა ეთქვა, რისთვისაც მადლობელი ვარ. ბრენდინგი, მთლიანი მარკეტინგული და პრ კომუნიკაცია, აბსოლუტურად ყველაფერი, ჩემმა გუნდმა შექმნა. ამის შემდეგ „ჰუალინგ პლაზაში“მარკეტინგის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადავედი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ შორის თანამშრომლობა შეწყდა, დღეს კი ისევ დავუბრუნდი„ჰუალინგ ჯგუფის“ ოჯახს“.

წარსულის გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ნოდარ ჯავახიშვილს ვესაუბრეთ. მისი კარიერა 10 წლის წინათ BTA ბანკის გაყიდვების აგენტობიდან დაიწყო და ყველა საფეხური გაიარა, რაც ამ სფეროში არსებობს.

წარსული გამოცდილება

ნოდარ ჯავახიშვილი: „რეალურად ჩემი კარიერული გზა უცხოეთში განათლების მიღებით დაიწყო. პირველი სამუშაო გამოცდილება ჩეხეთში, „შკოდას“ მარკეტინგის გუნდში მივიღე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და  BTA ბანკში (სილქ როუდ ბანკი) დავიწყე მუშაობა. თავდაპირველად მარკეტინგით „შკოდაში“ „მოვიწამლე“ და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი სფერო.ამიტომაც პროფესია შევიცვალე. „შკოდამ“ განაპირობა, მარკეტერად ჩამოვყალიბებულიყავი. ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაძლებლობა მაქვს,სტუდენტებს გავუზიარო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება. ამჟამად ვსწავლობ დოქტორანტურაზე. მინდა, როგორც პროფესორი,სრულფასოვანი ვიყო. მადლობას ვუხდი ყველა უნივერსიტეტს, რომლებმაც მომცეს შესაძლებლობა,ლექციები წავიკითხო და სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გავუზიარო“.

თანამშრომლობა ჰუალინგთან

ნოდარ ჯავახიშვილი: „მადლობელი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვიყო ჰუალინგის ოჯახის წევრი. დამფუძნებელმა და დირექტორებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ჰუალინგში დამაბრუნეს. მადლობელი ვარ მათი, რადგან ჩემში დაინახეს ის პოტენციალი, რომელიც მათთან მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას მაძლევს. ამ ეტაპზე ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშაა რამდენიმე ახალი მიმართულება. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა და გამოცდილებაა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ოჯახს დავუბრუნდი; დავუბრუნდი იმ გუნდს, რომელთან ერთადაც მუშაობა მეამაყება“.

სამომავლო გეგმები

ნოდარ ჯავახიშვილი: „ამჟამად ჰუალინგში მარკეტინგული მიმართულებით ცვლილებები მიმდინარეობს. ძალიან მალე მომხმარებელს ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ. ამ ეტაპზე დავაანონსებთ თქვენთან, რომ  ვიწყებთ ყველაზე დიდ პროექტს - „ჰუალინგ ფესტივალს“.
დეტალებს იმის შესახებ, თუ რა სიურპრიზები ელოდება ჩვენს მომხმარებელს, უკვე მოგვიანებით გავახმაურებთ“.

წარმატების ფორმულა

ნოდარ ჯავახიშვილი: „ჩემი წარმატების ფორმულაა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე მუშაობა, ახალი გამოწვევებისკენ სწრაფვა და რაღაც ახლის შექმნა“.