პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის ₾12,7 მლნ-ის ბოლო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდა

ყოფილი პარლამენტი

ქალაქ ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის მიზნით ყოფილი პარლამენტის შენობის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ბოლო ორ ტენდერში გამარჯვებულები გამოვლინდა. ყოფილი პარლამენტის C კორპუსის ფასადის მედიაგანათების (3D Mapping) პროექტირების, მშენებლობის და მონტაჟის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო - კომპანია “მაიჯიპიესი”, რომელიც სამუშაოებს 7 527 000 ლარად შეასრულებს. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება. "მაიჯიპიესის" მფლობელი და დირექტორი მიხეილ ჩაკაბერიაა. აღნიშნულ კომპანიას 30,5 მლნ-ის 62 ტენდერი აქვს მოგებული, ასევე, 5 მლნ ლარის 128 გამარტივებული შესყიდვა და 3,4 მლნ-ის 7 კონსოლიდირებული შესყიდვა.

მეორე ტენდერი კი ეხება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის აუზის, სახურავის და გუმბათის ჰიდრო და თბოსაიზოლაციო სამუშაოებს, რომელსაც 5 265 600 ლარად შპს "ჰიდროსერვი" შეასრულებს. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ გამოცხადებულ ამ ტენდერშიც ერთი კომპანია იყო პრეტენდენტი. მასთან ხელშეკრულება გუშინ, 13 მაისს გაფორმდა. შპს "ჰიდროსერვი"-ს მესაკუთრეები 25-25%-იანი წილით მამუკა მოძმანაშვილი, ლაშა შაყულაშვილი, დავით კიკაბიძე და ინეზა კიკაბიძე არიან. დირექტორი კი დავით მეტრეველი. ტენდერების მონიტორის მონაცემებით, კომპანიას 16 ტენდერი აქვს მოგებული 5,8 მლნ ლარის ჯამური ღირებულებით.

GITA-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს "ჰიდროსერვმა" ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის (ყოფილი პარლამენტის C კორპუსი) აუზისა და სახურავის ჰიდროსაიზოლაციო და გუმბათის თბოსაიზოლაციო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს და სამშენებლო სამუშაოებიც შეასრულოს.

სამშენებლო სამუშაოები მოიცავს:

  • შენობა #2 და #3 დეკორატიული აუზების რეაბილიტაციას.
    - დეკორატიული აუზების #2 და #3 ზედაპირების ძველი იზოლაციიდან დაზიანებული, დეგრადირებული და ადგეზია მოკლებული კერების ამოჭრა-დემონტაჟი;
    - ზედაპირის მორეცხვა მაღალი წნევის წყლის ჭავლით და შესაბამისად მისი გასუფთავება მტვრისაგან და ჭუჭყისგან;
    - შესაბამისი სამუშაო ტექნოლოგიით აუზების იატაკის და კედლის ზედაპირზე ჰიდროსაიზოლაციო სისტემის მოწყობა გაფრქვევითი ტიპის პოლიურიით.
    - პოლიურიის შრეზე ულტრაიისფერ დასხივებაზე მედეგი და ცვეთამედეგი ჰიდროსაიზოლაციო სისტემით, შესაბამისი დამცავი ფენით.
  • შენობა #1(7) ფიბრობეტონის გადახურვის ჰიდროიზო ლაციის რეაბილიტაციას.
    - ფიბრობეტონის ზედაპირის მორეცხვა მაღალი წნევის წყლის ჭავლით;
    - ფიბრობეტონის ზედაპირის დამუშავება ულტრაიისფერ დასხივებაზე მედეგი და ცვეთამედეგი მასალით;
    - შენობის გუმბათის მინის გადახურვის მორეცხვა მაღალი წნევის წყლის ჭავლით;
  • -შენობა #1(7) მინა-პაკეტის გადახურვის ჰიდროიზოლაციის რეაბილიტაციას;
    - მინის ზედაპირის გადაბმის ადგილების მორეცხვა მაღალი წნევის წყლის ჭავლით და შესაბამისად მისი გასუფთავება მტვრისაგან და ჭუჭყისგან;
    - შენობის გუმბათის მინის გადახურვის დამაკავშირებელი პროფილების გადაბმის ადგილებზე ჰიდროიზოლაციის სისტემის მოწყობა.
  • შენობა #1(7) მინა-პაკეტის ზედაპირზე მზის და სიცხის ამრეკლი ფირების ინსტალაცია.

ხელშეკრულების მიხედვით, პროექტირებისა და მშენებლობის საერთო ხანგრძლივობა, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოების ჩათვლით შეადგენს - არაუმეტეს 365 კალენდარულ დღეს, არაუგვიანეს 2026 წლის 13 მაისისა, ამასთან საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს, არაუგვიანეს 2025 წლის 12 ივლისისა. მიმწოდებელი ვალდებულია დაგეგმილი ჰიდროიზოლაციის სამუშაოების სრულად განხორციელებამდე, პირველ ეტაპზე უზრუნველყოს შენობის შიდა სივრცეებში, მათ შორის სარდაფში, წყლის ჩამოსვლის სრულად შეჩერება არაუგვიანეს 10 სექტემბრისა.

ცნობისთვის, ქუთაისის პარლამენტის შენობა პარლამენტის სესიებს 2012-2016 წლების განმავლობაში მასპინძლობდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ის სრულიად უფუნქციოდ დარჩა. 2023 წლის ივნისში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის პროექტი დააანონსა, თუმცა ის ირაკლი კობახიძის მთავრობამ 2024 წლის აგვისტოში ხელახლა დააანონსა. პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა. გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ GITA აღნიშნულ ტერიტორიაზე სომხურ კომპანია TUMO-ს სასწავლო ცენტრის მოწყობაში €1.8 მილიონს გადაუხდის.

ამასთან, გასული წლის ოქტომბერში, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციის ₾21-მილიონიან ტენდერში კომპანია "თბილმა სახლმა" გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, მას სამუშაოების დასრულების 10-თვიანი ვადა აქვს. შესაბამისად, წესით სექტემბრამდე სამუშაოები უნდა დაასრულოს.