1738653184
„ქუთაისში რამდენიმე კვების ობიექტი და სასტუმრო დაიხურა - გაცილებით რთული ვითარებაა რეგიონში“ - ლაშა ბერეკაშვილი
ქუთაისში რამდენიმე სასტუმრო და კვების ობიექტი უკვე დაიხურა,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დირექტორმა ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა.
როგორც ბერეკაშვილი აღნიშნავს, არა მხოლოდ ქუთაისში, მთლიანად იმერეთის რეგიონში ტურისტი არ არის, რის გამოც, სასტუმროს დატვირთულობა და ჯავშნები შემცირებულია.
„არ არის ჯანსაღი სიტუაცია, შესაბამისად, ჯავშნებიც არ არის. მაგალითად, დეკემბერში სასტუმროების დატვირთულობა 50% იყო, იანვარში, ალბათ, 20% იქნება. არაფერი შეგვიცვლია, შეფასებებიც იგივეა Booking-ზე. ანუ სერვისი იგივეა, შეფასება იგივეა, ჯავშნები კი არ არის, ალბათ, იმ მიზეზების გამო, რაც ქვეყანაში ხდება.
თუ რომელიმე ობიექტს აქვს ჯავშნები, ეს არის ფასდაკლებების შემთხვევაში, რადგან სასტუმროები ისედაც მიზერულ ფასებზე კიდევ ფასდაკლებას აცხადებენ. მაგალითად, ერთ-ერთ სასტუმროს ხალხი ჰყავს, მაგრამ განახევრებული ფასებით. ანუ თუ სასტუმრო დატვირთულია, მაშინ ის საფასო პოლიტიკა აღარ აქვს, რაც ჰქონდა. ამ ნაწილშიც გაუარესებულია მდგომარეობა.
ქუთაისში რამდენიმე ობიექტი დახურულია, მათ შორის არის სასტუმრო და კვების ობიექტები. ეს ხდება ქუთაისში და ზოგადად, იმერეთის რეგიონში გაცილებით რთული ვითარებაა... შეიძლება, ეს გაჩერება დროებითი იყოს“, - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დირექტორი.
ბერეკაშვილი ტურიზმის სექტორში არსებულ რთულ მდგომარეობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ახალი ან განახლებული ტურისტული ობიექტების ნაკლებობასაც უკავშირებს.
„რაც შეეხება მიზეზებს, 100%-დან 60%-ის შემთხვევაში პირველი მიზეზი ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით შექმნილი არასტაბილური გარემოა. მეორე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2024 წლის განმავლობაში ზრდა იყო 1%, რაც არაფერს ნიშნავს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქალაქში პერიოდულად ექსპლუატაციაში ძალიან ბევრი ობიექტი ეშვება და თუ აეროპორტი წელიწადში მხოლოდ 1%-ით იზრდება, ვეღარ ეწევა სასტუმროების საჭიროებას. ესეც არის კრიზისის გამომწვევი, რომ ქუთაისის აეროპორტში არ გაზრდილა მგზავრთა რაოდენობა და ფრენების სიხშირე. თუ ჩვენ ახალი ქალაქები და ბაზრები არ დაგვემატა, არსებულმა უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები. მესამე - მე არ მახსოვს, ქალაქსა და მთლიანად რეგიონში ბოლოს როდის გაიხსნა ახალი ტურისტული ობიექტი, ან არსებული როდის განახლდა ისე, რომ ტურისტს გასჩენოდა სურვილი, ჩამოსულიყო. ესეც, ალბათ, არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის“, - აცხადებს ბერეკაშვილი.