რომელია შეუგროვებელი პლასტმასით ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა?

პლასმასი

ინდოეთი შეუგროვებელი პოლიმერული ნარჩენებისგან დაბინძურების თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ანგარიშში წერია, რასაც სამეცნიერო ჟურნალი Nature ავრცელებს.

კერძოდ, ინდოეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად გარემოში 9.3 მლნ ტონა პოლიმერულ ნარჩენს ყრიან.

მეორე ადგილზე ნიგერია, ხოლო მესამეზე ინდონეზიაა. მათი პლასტმასის ნარჩენების დონე, ინდოეთთან შედარებით, 2,7-ჯერ დაბალია.

ბრიტანელმა მეცნიერებმა პლასტმასით ყველაზე მეტად დაბინძურებული ქვეყანა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გამოავლინეს. კერძოდ, მათ პოლიმერული ნარჩენების გავრცელების ყველაზე დეტალური გლობალური მოდელი შეადგინეს.

ექსპერტების თქმით, ე.წ. მატერიალური სისტემებიდან და საქმიანობის სფეროებიდან პლასტმასის ემისიების გაზომვა კვლევის ყველაზე რთული ნაწილი იყო. ეს მოიცავს ნარჩენებს, რომლებიც ნაგვის სატვირთო მანქანებიდან, ურნებიდან და ადამიანების მიერ ქუჩაში შემთხვევით ან განზრახ დაყრილი ნაგვის სახით ხვდება გარემოში.

მეცნიერთა აზრით, ნარჩენების გადამუშავების მიღმა გარემოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 52 მლნ ტონა პლასტმასი გროვდება.