რუსეთი ლუდის იმპორტზე გადასახადს ზრდის - რა რაოდენობით სასმელს ყიდის საქართველო ჩრდილოეთში

ლუდი

რუსეთი ლუდის იმპორტზე გადასახადს 2,5-ჯერ ზრდის. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აღნიშნული მხოლოდ ე.წ. არამეგობრული ქვეყნების წარმოებას შეეხება.

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, გადასახადი ერთ ლიტრზე დღეს არსებული 0.04-დან 0.1 ევრომდე გაიზრდება. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება რუს მწარმოებლებს კონკურენტუნარიან პირობებში ჩააყენებს.

გარდა ამისა, იმპორტის საბაჟო გადასახადის განაკვეთები 50%-მდე იზრდება გარკვეული სახის საქონელზე (კაკაოს შემცველი მზა პროდუქტები; ქურთუკები; შპალერი; ელვა), რომლის წარმოშობის ქვეყანაა ლიეტუვა, ლატვია ან ესტონეთი. 

როგორც „კომერსანტი“ ბაზრის მონაწილეების მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, 2023 წელს რუსეთის ფედერაციაში ლუდის იმპორტმა 370,5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც 12,6%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. მაგრამ ის 2020-2021 წლების მაჩვენებელზე დაბალი დარჩა, როდესაც იმპორტირებული იყო, შესაბამისად, 397 მილიონი და 457 მილიონი ლიტრი.

როსსტატის მონაცემებით, 2023 წელს რუსეთის ფედერაციაში 834 მილიონი დეცილიტრი ლუდი იყო წარმოებული, რაც 1,8%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.

რუსულ ბაზარზე შედის ქართული ლუდიც, თუმცა სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან შედარებით მთლიან ექსპორტში მისი წილი არც ისე მაღალია. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყნიდან ექსპორტზე გავიდა 7.020 მლნ დოლარის ღირებულების (6 173 ტონა ლუდი) რაც წინა წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. 2022 წელს ადგილობრივი ლუდის ექსპორტმა მხოლოდ 3.431 მლნ დოლარი შეადგინა (3 921 ტონა).

ამასთან, 2023 წელს ლუდის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი მხოლოდ 11.3%-ს შეადგენდა. კერძოდ, შარშან ჩრდილოეთში 792.8 ათასი დოლარის ღირებულების (673.8 ტონა) ლუდის ექსპორტი განხორციელდა. პირველ ადგილზე კი იყო ყაზახეთი, სადაც 2023 წელს 3.231 მლნ დოლარის ლუდი გავიდა (2 894 ტონა).

რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარ-მარტში ქართული ლუდის ექსპორტი 912.4 ათასი დოლარი შეადგინა (758.9 ტონა), რუსეთში კი გავიდა მხოლოდ 61.7 ათასი დოლარის ღირებულების (50.6 ტონა), რაც წლევანდელი ექსპორტის მხოლოდ 6.7%-ია.