1754977320
რუსეთში WhatsApp-ისა და Telegram-მესენჯერებში ხმოვანი და ვიდეოზარები აიკრძალება

რუსეთის ხელისუფლებამ WhatsApp-ისა და Telegram-ის მესენჯერებში ხმოვანი და ვიდეოზარების აკრძალვაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას რუსული „ოსტოროჟნო მედია“ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, ინიციატივა „უმაღლეს დონეზე“ შეთანხმდა, „გადაწყვეტილება მიღებულია და ზარები ტერორისტებთან ბრძოლის ეგიდით აიკრძალა.“ მთავრობის წყაროს ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები 12 აგვისტოს საღამოს დასრულდა.
ამასთან, მესენჯერების სრული დაბლოკვა არ იგეგმება და რუსი მომხმარებლები ამ არხებისა და ტექსტური ჩატების გამოყენებას კვლავ შეძლებენ. შეზღუდვები მხოლოდ აუდიო და ვიდეოკომუნიკაციებზე იმოქმედებს.
„ოსტოროჟნო მედიის“ ცნობით, უცხოურ მესენჯერებში ზარების შეზღუდვის იდეა რუსეთის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს ეკუთვნით. ისინი რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, როგორიც არის სანქციების გამო ინფრასტრუქტურის შენახვის ხარჯის მატება და აღჭურვილობის გაძვირება, მობილური ტრაფიკის ზრდა და შეშფოთება კიბერთაღლითობით გამოწვეული დანაკარგის კომპენსაციის გამო, რაც მათი ახალი ვალდებულებაა.
10 და 11 აგვისტოს WhatsApp-ისა და Telegram-ის მომხმარებლები ორივე მესენჯერში ზარების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას მასიურად უჩიოდნენ, რაც ზარების შეზღუდვის შესახებ რუსი ოპერატორების ინიციატივას დაემთხვა. სატელეკომუნიკაციო ბაზრის წყარომ დაადასტურა, რომ მესენჯერებში ზარებთან დაკავშირებული სირთულეები შერჩევით ბლოკირებას უკავშირდებოდა და მექანიზმის ტექნიკური ტესტირება 1 აგვისტოს დაიწყო.