საფრანგეთის საგადასახადო სამსახურმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო

ხელოვნური ინტელექტი

საფრანგეთის საგადასახადო ორგანოებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს, რომელიც მათ არადეკლარირებული უძრავი ქონების ძებნა-გამოვლენაში ეხმარება. ინფორმაციას „ევროპულსი” ავრცელებს.

ალგორითმი ფრინველის სიმაღლიდან გადაღებული სახლების საჰაერო სურათებს ასკანერებს და გამოსახულებას მფლობელის საგადასახადო დეკლარაციას ადარებს. თუ შეუსაბამობა, ანუ, მაგალითად, არადეკლარირებული აუზი იქნა აღმოჩენილი, ხელოვნური ინტელექტი ანგარიშს შესაბამის სამსახურებს უგზავნის. 

თუმცა საგადასახადო ორგანოები ხელოვნური ინტელექტის ანგარიშს ბრმად არ ეყრდნობიან და ყოველ აღმოჩენილ შეუსაბამობას დამატებით ამოწმებენ იმის დასადგენად, უნდა დაერიცხოს თუ არა ქონების მფლობელს უფრო მაღალი გადასახადი.

როგორც წესი, სახლის ეზოში საცურაო აუზის ან ბაღის სახლის მოწყობის შემდეგ უძრავი ქონების ღირებულების გადაფასება ხდება და მფლობელს უფრო მაღალი გადასახადი ეკისრება. ამის თავიდან ასაცილებლად ზოგიერთ მფლობელს საგადასახადო დეკლარაციაში ამ ცვლილების შეტანა განზრახ „ავიწყდება.“

სატესტო რეჟიმში ხელოვნური ინტელექტი საგადასახადო ორგანოებს საფრანგეთის 315 მუნიციპალიტეტში 670 არადეკლარირებული საცურაო აუზის გამოვლენაში დაეხმარა.

ამჟამად უწყება მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვეულ რეჟიმში იყენებს.