საიუველირო კომპანიები ოქროს ნაკეთობების გაძვირებას აანონსებენ

ოქრო

1 უნცია ოქროს ფასმა, შესაძლოა, 3000 დოლარს მიაღწიოს. დარგის ექსპერტების თქმით, ძვირფასი მეტალის ღირებულება ყოველდღიურად ახალ რეკორდს ხსნის. დღეს, მაგალითად, 1 უნცია ოქროს ფასმა 2,395 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 25 პროცენტზე მეტად გაზრდილი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ დრომდე კი, შეიძლება ითქვას, რომ ოქროს ფასი საშუალოდ 350-360 დოლარით არის გაზრდილი.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ანალიტიკოსმა  სერგი ყურაშვილმა  განუცხადა, ფასის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები ჩინეთის მხრიდან მოთხოვნის ზრდას, ასევე ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს ზოდების შეძენას უკავშირდება.

„ჩინეთში ოქროს იმპორტი 2024 წლის პირველ ორ თვეში 51%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ცენტრალური ბანკების როლს, მათ გააძლიერეს შესყიდვები ოქროს მიმართულებით, რითიც ცდილობენ საკუთარი რეზერვების დივერსიფიკაციას. მაგალითისთვის, 2020 წლის სექტემბრიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით, ცენტრალურმა ბანკებმა 155 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები და მონეტები შეიძინეს“, - განმარტავს სერგი ყურაშვილი.

ოქროს გაძვირების მიზეზებზე საუბრისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ფაქტორიც. ანალიტიკოსების განმარტებით, ოქროსა და ამერიკულ დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. დოლარის გამყარება ოქროს გაუფასურებას იწვევს, ვალუტის დევალვაცია კი ოქროს გაძვირებას უწყობს ხელს. ყველაზე მნიშვნელოვანი,  რეფინანსირების განაკვეთია, რომლის შემცირება ოქროზე პოზიტიურად აისახება. ამჟამად, ოქროს ფასს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინები განსაზღვრავს.

ცხადია, არსად წასულა გეოპოლიტიკური გამოწვევებიც, ომი ახლო აღმოსავლეთში, რუსეთ-უკრაინის ომი… ამ ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები ოქროს კიდევ უფრო მეტად გაძვირებას ელიან და არ გამორიცხავენ, რომ 1 უნიცია ოქროს ღირებულებამ 3000 დოლარს მიაღწიოს.

ოქროზე საერთაშორისო ფასების ზრდას ასახვა უკვე ჰქონდა საქართველოზე. საიუველირო კომპანიებში ამბობენ, რომ ახალი წლიდან ამ დრომდე, სუფთა ოქროს ფასი 28 ლარით არის გაზრდილი. ჯამში, 1 გრამის ღირებულება ამჟამად 205-207 ლარია. ოქროს ნაკეთობების მწარმოებლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, ცდილობენ  ნაკეთობებზე არსებული ფასები შეინარჩუნონ, თუმცა, თუ უნცია ოქრო კიდევ გაძვირდება, წლის მეორე კვარტლიდან პროდუქციის გაძვირება 5-7%-ის ფარგლებში მოუწევთ.