შავ ზღვაში დაბინძურებული არეალი იზრდება - უკვე ნაპოვნია 9 დაღუპული დელფინი

დელფინები

23 დეკემბრის მდგომარეობით, შავ ზღვაში ჩაძირული რუსული ტანკერებიდან გაჟონილი მაზუთის ლაქა ქერჩის სრუტის მიდამოში იყო კონცენტრირებული. თუმცა ქარისა და დინების გავლენით დაბინძურების ზონა თანდათან ფართოვდება.

ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ანგარიშში წერია.

ცენტრმა 23-29 დეკემბრის პერიოდში ზღვაში ნავთობპროდუქტების გავრცელების გზის მოდელირება შეძლო. წინასწარი მონაცემები ადასტურებს, რომ ნავთობპროდუქტებმა რუსეთის ქალაქ ანაპას მიაღწიეს. ასევე, თვითმხილველები სანაპიროზე მაზუთის მრავლობით ლაქებსა და ძლიერ უსიამოვნო სუნზე საუბრობენ.

ამასთან, პროგნოზის თანახმად, 25 დეკემბერს ნავთობის ლაქა ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლებს და მაზუთმა შესაძლოა, ყირიმის სამხრეთ სანაპიროს მიაღწიოს. ცენტრის ეკოლოგები, ასევე, ვარაუდობენ, რომ მაზუთის ლაქა გემების ჩაძირვის ადგილიდან, ანუ კავკაზის პორტის რაიონიდან ჩრდილოეთით აზოვის ზღვამდე გავრცელდება.

უკრაინის საზღვაო ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი წერს, რომ მთავარი საფრთხე ქვეყნის გარემოსდაცვითი სანაპირო ტერიტორიების დაბინძურებაა, როგორიც არის ოპუკსკის ნაკრძალი, ლანდშაფტური პარკი “ტაკილის კონცხი” და ყირიმი.

დელფინების გადარჩენის რუსული სამეცნიერო და გარემოსდაცვითი ცენტრი, დელფი“ წერს, რომ 22 დეკემბრის შტორმის დროს ზოგიერთი ტომარა, რომელშიც ტანკერების ავარიის შემდეგ ქვიშა და მაზუთი შეგროვდა, ისევ შავმა ზღვამ წაიღო.

ამასთან, 23 დეკემბრის მდგომარეობით, ნოვოროსიისკის ალექსინოში დაბინძურების შედეგად დაიღუპა რვა დელფინი იმ სახეობებიდან, რომლებიც შავ და აზოვის ზღვებში ბინადრობენ. მათგან ექვსი ნაპირზე, ხოლო ორი წყალში იქნა აღმოჩენილი. ასევე, რამდენიმე დღის წინ კრასნოდარის მხარის სტანიცა ბლაგოვეშჩენსკაიაში ანალოგიური სახეობის კიდევ ერთი დაღუპული დელფინი იქნა აღმოჩენილი, რომელსაც მაზუთის კვალი აღენიშნებოდა.

რუსეთის ველური ბუნების დაცვის ცენტრი პროგნოზირებს, რომ დაბინძურებული სანაპირო ზოლის სიგრძე შესაძლოა, 100 კმ-მდე გაიზარდოს. მიზეზად სახელდება ის, რომ ჩაძირული ტანკერებიდან მაზუთის დროული ამოტუმბვა არ ხდება, რაც ხელს შეუწყობდა ემისიების არეალის გაფართოების შეჩერებას. 18 დეკემბრის მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით, ცენტრის ეკოლოგები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ტანკერიდან საწვავის ზღვაში გაჟონვა გრძელდება.

ექსპერტები გაფრთხილებას იძლევიან, რომ ანაპის მიმდებარედ მომავალი პლაჟის სეზონი შესაძლოა, ჩავარდეს. კერძოდ, ეკოლოგების შეფასებით, „ასეთი ნავთობპროდუქტები ქვიშაში შეიწოვება და მათი ამოღება მეტად ძნელია. გარეგნულად, პლაჟები შესაძლოა, საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდეს, თუმცა როცა მზე დააჭერს, მაზუთი აორთქლებას დაიწყებს.“

ამასთან, ეკოლოგების ცნობით, მაზუთის ნაწილი შესაძლოა, ფსკერზე დაილექოს და შტორმის დროს დროდადრო ამოტივტივდეს. კერძოდ, შედედებულ მაზუთს წყალი ნაპირზე, სულ ცოტა, ზაფხულამდე დროდადრო გამორიყავს.

უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარი შეფასებით, დაზიანებული ავზებიდან 4,000 ტონაზე მეტი საწვავის ჩაღვრის შემთხვევაში შავი ზღვისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს.

ცნობისთვის: 15 დეკემბერს ქერჩის სრუტეში შტორმის დროს ორი რუსული ნავთობტანკერი, Volgoneft-212 და Volgoneft-239 ჩაიძირა. გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის განცხადებით, ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი, ანუ 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები მოხვედრილიყო, რაც, გარემოსდამცველების შეფასებით, შავ ზღვაში შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფად იქცეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგებით დაემუქროს.

bpn.ge