109.486 დოლარი - ბიტკოინმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა

ბიტკოინი

ბიტკოინის ფასმა 21 მაისის ვაჭრობაზე 109.400 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა და 109.000-დოლარიანი წინა რეკორდი მოხსნა, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20 იანვრის ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე საათით ადრე დაამყარა.

ამის შესახებ სპეციალიზებული გამოცემა CoinDesk წერს.

კერძოდ, CoinDesk Bitcoin Index-ის მიხედვით, აშშ-ის სავაჭრო სესიის დაწყებისას ყველაზე დიდმა და უძველესმა კრიპტოვალუტამ 109.486 დოლარს მიაღწია. ბიტკოინის ფასი 46%-ზე მეტად გაიზარდა აპრილის იმ მინიმუმთან შედარებით, რაც გლობალურმა სავაჭრო ომმა და აშშ-ის ტარიფების გამო მზარდმა არეულობამ განაპირობა.

ახალი ისტორიული მაქსიმუმი მაშინ დაფიქსირდა, როცა ბიტკოინის საბირჟო ფონდებმა (ETF) 3.6 მლრს დოლარის სუფთა შედინება შთანთქეს, რაც ინვესტორების ინტერესის განახლების ნიშანია. ბიტკოინზე ორიენტირებული მრავალი კომპანია, მათ შორის, მაიკლ სეილორის Strategy და ახლად შექმნილი Twenty One Capital შესყიდვების სერიას შეუერთდა, რამაც ბიტკოინს ახალი რეკორდის მიღწევაში შეუწყო ხელი.

Financial Times ბიტკოინის რეკორდულ ზრდას იმ მოლოდინით ხსნის, რომ აშშ მალე ციფრული აქტივების პირველ რეგულაციებს გამოაქვეყნებს. კერძოდ, ვაშინგტონში კანონმდებლები წესებზე შეთანხმებას უახლოვდებიან, რომლებიც ნორმატიულ ბაზას სტეიბლკოინებისთვის, ანუ ციფრული დოლარის ფორმებისთვის უზრუნველყოფს, რაც გადახდებისა და კრიპტოვალუტის ბაზრებზე ვაჭრობისთვის ფართოდ გამოიყენება.

ტოკენების დანიშნულება დოლართან მიმართებაში სტაბილური ღირებულების შენარჩუნებაა, თუმცა ისინი რეგულირებადი საბანკო სისტემის გარეთ იმყოფებიან.

ცნობისთვის: ბოლოს ბიტკოინის ფასი 9 მაისს, ერთ დღეში 3%-ზე მეტად ერთბაშად გაიზარდა და 102.500 დოლარს მიაღწია, ხოლო პიკზე 104.000 დოლარს გადააჭარბა. მაშინ რალის მთავარი მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დიდ ბრიტანეთთან ახალი მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების გამოცხადება გახდა.