1759822019
„ფერმერი არ არის დაცული და ბედის ანაბარაა" - როგორია კლიმატური ცვლილებების ზემოქმედება სოფლის მეურნეობაზე

აგვისტოში საქართველოში, ისევე, როგორც სომხეთსა და ლიბანში დაახლოებით, 90%-ზე დაფიქსირდა გვალვა, - ამის შესახებ ევროპის კლიმატის ცვლილების სამსახურის Copernicus-ის ანალიზში წერია, რასაც Newsyou ავრცელებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გვალვამ მოიცვა არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კულტურები, არამედ საძოვრები, სათიბი ფართობები და ტყეებიც.
აღსანიშნავია, რომ გვალვა გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორისთვის. კლიმატის ცვლილების პირობებში გვალვის ზემოქმედება ვრცელდება როგორც მრავალწლოვან, ისე ერთწლიან კულტურებზე. გვალვის პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხს, ხოლო იქ სადაც სარწყავი წყლის ნაკლებობაა, ფერმერებისთვის რისკები იზრდება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია გვალვების შედეგი საქართველოს სოფლის მეურნეობაზე და რა პრევენციული ღონისძიებების გატარება შეუძლიათ ფერმერებს. ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტს ილია კუნჭულიას ვესაუბრეთ:
„გვალვა ეხება ყველა კულტურასა და მცენარეს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწებსაც. საქართველოს ტერიტორიის 44% ტყითაა დაფარული, რაც იმას ნიშნავს, რომ გვალვა ტყეებზეც ვრცელდება და ხანძრის რისკებს ზრდის. გვალვა ყველაზე მეტად აზიანებს საძოვრებსა და სათიბებს, გვალვის პირობებში ბალახი საკმარისად არ იზრდება, მას შემდეგ რაც საქონელი გადაძოვის, მისი ამოსვლა ნელდება, მცირდება საფარი და იწყება ნიადაგის ეროზია. რაც შეეხება სახნავ-სათეს მიწებს, ყველა დიდ მეწარმეს, რომელსაც მოჰყავს დიდი რაოდენობით ბოსტნეული დაბალ ზონაში, როგორც წესი, აქვს წვეთოვანი სარწყავი სისტემა. თუმცა, შედარებით მაღალ ზონებში (ახალციხეში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში) დიდწილად არ ირწყვება კულტურები. თუ ასეთ ადგილებში გვალვა მოუწევს, ზიანდება სხვადასხვა კულტურა.
ისეთი ერთწლიანი კულტურები, როგორიც არის ხორბალი, ქერი და შვრია, ძირითადად ურწყავ მიწებზე ითესება. სიმინდი და მზესუმზირა კი ნაწილობრივად სარყავ ტერიტორიებზე მოჰყავთ. სადაც არ ირწყვება სიმინდი, იქ თუ გვალვა მოუწევს, შესაძლოა, ზიანდებოდეს მოსავალი. რაც შეეხება ისეთ მრავალწლოვან კულტურებს, როგორებიცაა: თხილი, ვაშლი, მსხალი, ბალი თუ ვაშლატამა, ძირითადად ირწყვება. ბოლო 10-15 წელიწადში ახალგაშენებულ ბაღებში თითქმის ყველგან სარწყავი სისტემაა და თუ არის სარწყავი წყალი, იქ გვალვა პრობლემას არ წარმოადგენს. ვაზი ძირითადად ურწყავ ტერიტორიებზე მოჰყავთ და გვალვა ნაკლებად აისახება ამ კულტურაზე.
რომ შევაჯამოთ, გვალვისგან ძირითადად ზიანდება ურწყავ ზონაში დათესილი სიმინდი, კარტოფილი და გარკვეული ბოსტნეული. გვალვა ყველაზე მეტად საძოვრებსა და სათიბებს აზიანებს“, - აღნიშნავს ილია კუნჭულია.
გვალვის შედეგების შერბილების გზებზე საუბრისას რესპონდენტი ხაზს უსვამს სარწყავი წყლის უზრუნველყოფის საკითხს. მისი თქმით, იქ სადაც სარწყავი წყლების ნაკლებობაა, ფერმებს შეუძლიათ საჩრდილობელი ბადეები ან წვიმების დროს შეგროვებული წყალი გამოიყენონ. გარდა პრევენციული ზომებისა, ილია კუნჭულია აღნიშნავს, რომ ფერმერებმა უნდა დარგონ ისეთი კულტურები, რომლებიც გვალვის მიმართ გამძლეობას აჩვენებს.
„ევროკავშირის კვლევითი ცენტრის მონაცემები ასახავს გვალვის გაერთიანებულ ზოგად ინდექსს. ამის გარდა, ცალკე ითვლება სასოფლო-სამეურნეო გვალვის მაჩვენებელი. ზოგადად თუ არის გვალვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასოფლო-სამეურნეო გვალვაა - სპეციალური ინდექსია, რითაც ფასდება გვალვის დონეები და სწორედ ამის შესახებ უნდა ჰქონდეს ფერმერს ინფორმაცია. მეორე, უნდა შეარჩიონ ისეთი კულტურები და იმ კულტურებს შორის ისეთი ჯიშები, რომლებიც მედეგი იქნება გვალვის მიმართ. მაგალითად, სიმინდს აქვს გვალვის მიმართ მედეგი ჯიშები, რომელიც გამოყვანილია მაღალტექნოლოგიურ ევროპულ კომპანიებში. მას სხვა ჯიშებთან შედარებით გამძლეობა მეტი აქვს, მაგრამ მოსავლიანობა ნაკლებია, თუმცა საერთოდ მოსავლის ვერ მიღებას, სჯობს, ცოტა და კარგი მიიღო.
მნიშვნელოვანია სარწყავი წყლის უზრუნველყოფის საკითხიც, სადაც სარწყავი წყალია, იქ გვალვის შედეგად მიყენებული ზიანი ნაკლებია. ადგილებში, სადაც წყლის ნაკლებობაა, ფერმერებს შეუძლია წვიმის წყალი შეაგროვონ (სახურავიდან ჟოლობების გამოყენებით) და გვალვიან პერიოდში გამოიყენონ. გარდა ამისა, არსებობს საჩრდილობელი ბადეები, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც გვალვის, ასევე სითბური სტრესის წინააღმდეგ. სარწყავი წყლის უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შეტანა“, - ამბობს რესპონდენტი.
გარდა ჩამოთვლილისა, გვალვების პერიოდში მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ფერმერებს ნიადაგის ტენიანობის, კლიმატური ზემოქმედების განსაზღვრასა და საპასუხო ღონისძიებების გატარებაში დაეხმარება.
„არსებობს აგრომეტეოროლოგიური სადგურები, რომლებსაც აქვთ ნიადაგის სენსორები და ნიადაგში ტენის შემცველობას ზომავს. თუ დიდი კომპანიაა, თავისი აგრომეტეოროლოგიური სადგური და ნიადაგის სენსორები უნდა ჰქონდეს და წყლის მიწოდება ამით უნდა განსაზღვროს. აგრომეტეოსადგურებისა და ჭკვიანი მოწყობილობების საშუალებით ერთი აპლიკაციით არის შესაძლებელი აკონტროლოს ფერმერმა საკუთარი ნაკვეთი, განსაზღვროს ნიადაგის ტენი და როცა ეს ტენი კონკრეტულ ზღვარს ჩამოსცდება, განახორციელოს არაგეგმური მორწყვა. შესაძლებელია, რომ ავტომატურ რეჟიმზე დაყენდეს სენსორები და ტენიანობის შემცირების შემთხვევაში, ავტომატურად მოირწყოს ნიადაგი.
გარდა ამისა, მაგალითად, კახეთსა და შიდა ქართლში მუშაობს მობილური აპლიკაცია GECSA, რომელიც უფასოა ფერმერებისთვის. ეს პროგრამა შემუშავებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ. GECSA ინოვაციური აგრომეტეოროლოგიური სერვისების ციფრული პლატფორმაა, რომელიც ფერმერებს ცვალებად კლიმატურ პირობებში კლიმატმედეგი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. პლატფორმაზე დარეგისტრირებულ ფერმერებს აქვთ საშუალება დაამატონ თავისი ნაკვეთი სისტემაში და დააკვირდნენ კლიმატურ რისკებს, გვალვის საშიშროებას და შესაბამისი პრევენციული ზომები გაატარონ.
თუ არ აქვს ფერმერს აგრომეტეოსადგურებისა და სენსორული მოწყობილობების დანერგვის საშუალება, არსებობს ვირტუალური მეტეოსადგურები ან სატელიტურ მონაცემებზე დაფუძნებული მომსახურებები. თუ მაგალითად ფერმერს შორ მანძილზე აქვს მიწა და ყოველდღიურად ვერ ახერხებს მონიტორინგს, შესაძლებელია, რომ სატელიტური სურათების საშუალებით დააკვირდეს პროცესებს და გააკონტროლოს გვალვის მდგომარეობა. გარდა ამისა, სატელიტურ სისტემებს, როგორც წესი, მინიმუმ 5 წლის მონაცემები აქვს. თუ ფერმერს აქვს ნაკვეთი და ფიქრობს რა კულტურა გააშენოს, შეუძლია ამ 5 წლის ტენდენციებს დააკვირდეს, ნახოს იქ გვალვიანობა, საგვიანო ან საადრეო ყინვების ტემპი და იმის მიხედვით განსაზღვროს კონკრეტულ მიწაზე რა კულტურა და რომელი ჯიში მოიყვანოს“, - აღნიშნავს ილია კუნჭულია.
მიუხედავად იმისა, რომ გვალვის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალი ვრცელია, რისკები ბოლომდე მაინც არ არის აღმოფხვრილი. ამ ნაწილში საუბრისას ილია კუნჭულია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის ნაწილში გვალვების კომპონენტიც დაემატოს.
„მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა, რომ თუ ფერმერმა ყველაფერი სწორად გააკეთა, მაგრამ მაინც მოხდა გვალვა და დაზარალდა, აგროდაზღვევა ანაზღაურებს ზიანს. სამწუხაროდ, ამჟამად საქართველოში აგროდაზღვევა გვალვაზე არ ვრცელდება, ფერმერი არ არის დაცული და ბედის ანაბარაა. ერთადერთი გამოსავალი ასეთ ვითარებაში არის დივერსიფიცირება - სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა კულტურა დათესოს ფერმერმა, რომ თუ ერთ ადგილას მოხდა გვალვა ან სეტყვა და არ გაამართლა კულტურამ, იქნებ მეორე ადგილას გაამართლოს. საქართველოში აგროდაზღვევა რომ განვითარდეს და დაემატოს გვალვის კომპონენტი, ეს ფერმერებს რისკების სწორად მართვაში დაეხმარება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ილია კუნჭულიამ.