1789107496
სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებას წყვეტს
სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებას 2026 წლიდან წყვეტს- შესაბამისი პროგრამა, რომელიც 2014-2025 წლებში მოქმედებდა, დასრულებულია და ბიუჯეტი გადამმუშავებლების მიერ არასტანდარტული ვაშლის შესყიდვას აღარ დააფინანსებს,- ამის შესახებ ინფორმაციას BM.ge ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კომპანიები წელს სუბსიდიის გარეშეც მზად არიან ვაშლის მიღებისა და გადამუშავებისთვის. თუმცა, პროდუქტის ჩასაბარებელი ფასი წინა წლებთან შედარებით, სავარაუდოდ, დაბალი იქნება.
უწყების განმარტებით, პროგრამის გაგრძელება აღარ შეესაბამება სექტორის გრძელვადიან მიზნებს, რადგან სახელმწიფო აქცენტს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი ვაშლის წარმოებაზე აკეთებს. სამინისტროს ინფორმაციით, „დანერგე მომავალი“ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაახლოებით 2.6 ათასი ჰექტარი ინტენსიური ვაშლის ბაღია გაშენებული.
ფერმერების მხარდასაჭერად სახელმწიფო ახალ „აგროთანადაფინანსების“ პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, რომლის ფარგლებში ახალი ბაღების გაშენების ხარჯის 50%-ის თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.
სამინისტროს პროგნოზით, 2026 წელს საქართველოში ვაშლის მოსავალი დაახლოებით 55 ათასი ტონა იქნება, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 10-15%-ით ნაკლებია.
2014-2025 წლებში პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა 309.9 მილიონი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი შეისყიდეს. შესყიდვების საერთო ღირებულებამ 74.1 მილიონი ლარი, სახელმწიფოს მიერ გაცემულმა სუბსიდიამ კი 28 მილიონ ლარამდე შეადგინა.



