საქართველოში ჭიაყელების ბიო-ფერმა ამოქმედდება - „მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“

ჭიაყელების ბიო-ფერმა

„მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“ - როგორც კომპანია „მაკრო პრიმის“ დამფუძნებელი, გურამ გეჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია და ის ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ასწრებს.

გურამ გეჯაძე: წლიურად დაახლოებით 150 ტონა სასუქს ვაწარმოებთ. წლიდან წლამდე მოთხოვნა მკვეთრად მატულობს. წელს მაგალითად, მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია, ამიტომ ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით არც კი მოიაზრება.

სასუქის რეალიზაცია ხდება როგორც ქსელურ მაღაზიებში - „კარფურში“, „გორგიაში“, „დომინოში“, ისე ფერმერებთან. 1 კილოგრამი მყარი სასუქი 1,2 ლარი ღირს, ხოლო თხევადი - 6 ლარი. მაღაზიებში კი ფასი განსხვავებულია. 

გურამ გეჯაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჰყავს ჭიაყელების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც სასუქის წარმოებისთვის გამოიყენება, მაგრამ სამომავლოდ ჭიაყელების ბიო-ფერმის გაკეთებას გეგმავს.

„ჭიაყელებით ცილის, პროტეინის წარმოება მოხდება, როგორც საკვები დანამატი მეცხოველეობაში. როგორც კი რაღაც მასშტაბზე გავალ, რომ გამოიხშიროს, ფერმას აუცილებლად გავაკეთებ“ - ამბობს ის.

ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მსხვილფეხა პირუტყვის ფერმენტირებული ნაკელი უნიკალური პროდუქტია, რომლის ინტენსიური გამოყენება აღადგენს გამოფიტულ და ქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. ასეთი სასუქის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი მიიღება.

„მაკრო პრიმმა“ წარმოება 2011 წლიდან დაიწყო. საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარეობს.