"თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება ბაზარზე მასალას არ გააძვირებს" - ნოდარ ხატიაშვილი

სოფლის მეურნეობა

"თესლისა და სარგავი მასალის სავალდებულო სერტიფიცირება ხელს შეუწყობს როგორც მეწარმის კეთილდღეობას, ასევე მომხმარებლის კმაყოფილებას", - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულით  ბაზრების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა გაჩნდება.

"სერტიფიცირების შემოღება ბევრ სარგებელს მოიტანს. ჯანსაღი და ხარისხიანი მასალისგან მიიღება  ჯანსაღი პროდუქტი და მომხმარებელი კმაყოფილი იქნება, რომ ბაზარზე ეტიკეტირებული, შემოწმებული მასალის შეძენა შეეძლება. ეს იმ წესებს დაექვემდებარება, რაც საერთაშორისო ბაზარზეა მიღებული, რასაც შეეძლება ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდინოს. გარდა ამისა, მეწარმეს შესაძლებლობა ექნება მასალა ქვეყნის გარეთ გაიტანოს.

ასევე, ინვესტორებს საქართველოში შეეძლებათ აიღონ სერტიფიკატი, რომელიც საერთაშორისო ბაზარს შეესაბამება და ივაჭრონ, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გაიტანონ ქვეყნის გარეთ.  ქვეყანაში ეს სისტემა ხელს შეუწყობს  ხარისხიანი მასალით ვაჭრობას, პროდუქტიულობის ამაღლებას, მეწარმის კეთილდღეობას და მომხმარებლის კმაყოფილებას", - განაცხადა ნოდარ ხატიაშვილმა.

მისივე შეფასებით სერტიფიცირება  მასალის გაძვირებას არ გამოიწვევს.

"ეს მასალის გაძვირებას არ გამოიწვევს. უბრალოდ კუნკურენციაში მეწარმემ, რომელიც სერტიფიცირებულს გაყიდის შესაძლოა შედარებით მაღალი ფასი დაადოს", - აღნიშნა ხატიაშვილმა.

ცნობისთვის, 1-ელი ივნისიდან თესლი და სარგავი მასალა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.