"ვირის რძე აღარ მაქვს, არადა მოთხოვნაა ისეთი, რომ... - "სახე-დარი" გამოწვევებზე

ვირის რძე

„შიდა ბაზარზე გაასმაგებულია ვირის რძის მოხმარება, მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ“, - ამის შესახებ სახედრების ფერმის „სახე-დარი“ დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ BM.GE-სთან ისაუბრა. მისი თქმით, წინასწარი ჯავშნები რძეზე აგვისტოს ჩათვლით აქვთ, თუმცა ამ დროისათვის რძე აღარ აქვს და მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ.

„ვირის რძეზე მოთხოვნა ძალიან არის გაზრდილი. ამ წუთს ვირის რძე აღარ მაქვს, არადა მოთხოვნაა ისეთი, რომ ივლისი - აგვისტოსაც კი მაქვს წინასწარი ჯავშნები. რა გავაკეთო? დავრჩი ისე. რა ყველზე, პარფიუმერიაზე და ექსპორტზეა საუბარი, საკუთარ ბაზარს ვერ ვაკმაყოფილებ. შიდა მოხმარება ვირის რძის გაასმაგებულია. ძირითადად ბავშვებისთვის ყიდულობენ. დაინტერესება იყო ჩინეთიდანაც და ამერიკიდანაც, მაგრამ მე მათ უარი ვუთხარი. ვერ შევძელი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

120 სული პირუტყვი მყავს. წლიური წარმადობა გასულ წელს საკუთარი ძალებით 2.5 ტონამდე გავზარდე. მეტი ვერ შევძელით. მსოფლიოში ვირის რძეს ვერ იშოვით, რადგან მოთხოვნა მასზე ძალიან დიდია. შესაბამისად, ჩემთან ჩამოდიან. ვირის რძე გერმანიაში 200 ევრო, ხოლო თურქეთში 300 დოლარი ღირს. ჩემს ფერმაში კი ვირის რძე 80 ლარი ღირს, თუმცა ფასის 120 ლარამდე ზრდას ვაპირებ“, - ამბობს მეწარმე. ის ასევე გაზრდილ ხარჯებზე საუბრობს, რომელიც დაახლოებით 30%-მდე.

შეგახსენებთ, ვირების ფერმა „სახე-დარი“ გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში 20-30 ჰა ტერიტორიაზე მდებარეობს და 2016 წელს დაფუძნდა. მისი წლიური წარმადობა გასულ წელს 2.5 ტონა იყო. ფერში 120 სული პირუტყვი ბინადრობს.