1783755720
„ვყიდი 2 ლარად, მობრძანდით და დაკრიფეთ“ - რატომ უჭირთ ქართველ ფერმერებს მოცვის რეალიზება და რა განმარტებას აკეთებენ ასოციაციაში
„ვყიდი მოცვს 2 ლარად, მობრძანდით და დაკრიფეთ, არ ინანებთ“ - ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში ამდაგვარი შინაარსის არაერთი პოსტი ქვეყნდება. ფერმერები ამბობენ, რომ მოსავალი ბევრია, უჭირთ გასაღება და ამიტომაც ლურჯ მოცვს ფაქტობრივად, თვითღირებულებაზე ნაკლებად ყიდიან.

კენკროვანი ხილის ასეთ დაბალ ფასს „ლურჯი მოცვის ასოციაციაში“ „სეზონზე პროდუქტის არათანაბრად გადანაწილებას და ჭარბ მოსავალს უკავშირებენ“. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ასოციაციის პრეზიდენტი თორნიკე ფანჯავიძე აცხადებს, მოცვი შესაძლოა, 2-3 კვირაში კვლავ გაძვირდეს.
„წინა წელთან შედარებით, წელს მოსავალი მეტი მოვიდა. დაახლოებით 10 ათასი ტონა. გასულ წელს დაახლოებით 7 ათასი ტონა გვქონდა. ხარისხიც სრულიად ნორმალურია წლევანდელი მოსავლის“ - განაცხადა თორნიკე ფანჯავიძემ.
კითხვაზე, რატომ აბარებენ ბოლო კვირებში ფერმერები პროდუქტს საკმაოდ დაბალ ფასად, ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
„მიზეზი, რომ წელს ფერმერებს მოცვის გაყიდვა უჭირთ, არის ის, რომ პროდუქტი არ გადანაწილდა სეზონზე თანაბრად. სწორედ ამის გამო დაეცა ფასი. შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ ეს იყოს.
ნეგატიური ფაქტორი ითამაშა იმანაც, რომ წელს დავემთხვიეთ სერბეთს, რუმინეთსა და პოლონეთს, რომლებიც ასევე მოცვის უმსხვილესი მწარმოებლები არიან და აქამდე ჩვენს წარმოებებს კვეთა არ ჰქონია“, - განაცხადა ფანჯავიძემ.
მისი თქმით, მოცვის ფასი კვირის ფასით დგება მთელს მსოფლიოში, ამიტომ შესაძლოა, მომდევნო კვირებში პროდუქტი კვლავ გაძვირდეს.
„მოცვის ფასი მთელს მსოფლიოში კვირის ფასით დგება. როდესაც კონკრეტულ კვირას მოსავალი ჭარბია და ამასთან, არ ხდება მისი შენახვა, ფასი ავტომატურად ვარდება. პირობითად, 2-3 კვირაში მოცვის ღირებულებამ შესაძლოა, კვლავ მოიმატოს“, - განაცხადა ფანჯავიძემ.
რაც შეეხება საექსპორტო ფასს, თორნიკე ფანჯავიძის თქმით, ის შემცირებულია.
„წლევანდელი ფასი შეადგენს 4-5 დოლარს, გასულ წელს კი 6-6.5 დოლარი იყო საშუალო ფასი. კონკურენცია გაიზარდა. ევროპული მოცვი ევროპის ქვეყნებშივე გვიქმნის დიდ კონკურენციას და ეს ცუდად აისახება ფასზეც და მოთხოვნაზეც“, - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა.



