ალისონის დაბრუნებამ დაადასტურა, რომ მამარდაშვილი „ლივერპულის“ წაგებების მიზეზი არ ყოფილა - პრობლემა დაცვაშია - ინგლისური გამოცემა

სპორტი 1763981117
გიორგი მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილი არ ყოფილა „ლივერპულის“ წაგებების მიზეზი, როგორც ბევრ გულშემატკივარს ეგონა. ეს კარში ალისონ ბეკერის დაბრუნებამაც დაადასტურა, – ამის შესახებ ინგლისური გამოცემა Rousing The Kop-ი წერს „ნოტინგემ ფორესტთან“ საშინაო მარცხის (0:3) შემდეგ.

„ლივერპული“ ჩიხშია შესული და გამოსვლას ვერ ახერხებს. „წითლების“ მარცხი „ნოტინგემ ფორესტთან“ ნიშნავს, რომ მათ ბოლო 11 მატჩიდან რვა წააგეს, რის გამოც გუნდმა ცხრილში მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა.

არნე სლოტმა სანაკრებო პაუზის პერიოდში სცადა ვითარების გამოსწორება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ერთ-ერთი ცვლილება სასტარტო შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ალისონ ბეკერის დაბრუნება იყო, თუმცა მანაც ვერ შეძლო „ფორესტის“ შეჩერება. ამან ნათლად აჩვენა, რომ ვითარება შესაძლოა იმაზე მძიმეა, ვიდრე „ლივერპულის“ გულშემატკივრებს წარმოუდგენიათ.

ბევრი ფიქრობდა, რომ ალისონის დაბრუნებით სიტუაცია გამოსწორდებოდა, რადგან ბრაზილიელი, გიორგი მამარდაშვილისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მასზე უკეთესია – უკეთ თამაშობს ფეხით, გამოირჩევა სიმშვიდითა და ლიდერობით, უკეთ კოორდინირებს დაცვას. თუმცა „ფორესტის“ წინააღმდეგ მანაც ვერაფერი შეცვალა, რითაც პრაქტიკულად დადასტურდა, რომ გუნდის წარუმატებლობაში დამნაშავეა დაცვის ხაზი და არა მეკარე.

მამარდაშვილი გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებდა, თუმცა ხშირად იმედგაცრუებული რჩებოდა უკანახაზელებით – როგორც ჩანს, მსგავს ვითარებაში აღმოჩნდება ალისონიც.

„ლივერპულს“ სტრუქტურული ცვლილებები სჭირდება. არნე სლოტის სქემები არ მუშაობს – შეტევა საკმარისად ძლიერი არ არის, ნახევარდაცვა ზედმეტად ღიაა, დაცვა კი ბევრ შეცდომას უშვებს, რის გამოც მეკარეებს რეალური შანსი არ ეძლევათ. ამ ეტაპზე „ლივერპულის“ ყველაზე დიდი პრობლემა დაცვაა, რომელმაც ლიგაში უკვე 20 გოლი გაუშვა“, – წერს გამოცემა.

ბრაზილიელი მეკარე 30 სექტემბერს „გალათასარაისთან“ შეხვედრის დროს დაშავდა, ხოლო მის არყოფნაში გიორგი მამარდაშვილმა ინგლისური გრანდის რიგებში რვა მატჩი ჩაატარა.

პირველი არხი