MMA-ს უძლიერესი ქვეყნების რეიტინგში საქართველო მე-6 ადგილზეა - „ნუ გაგიკვირდებათ, თუ 2027 წლისთვის საქართველო ამ სიაში ისევ დაწინაურდება“

სპორტი 1784438700
ბრძოლა

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) უძლიერესი ქვეყნების რეიტინგში საქართველო მეექვსე ადგილზეა. რეიტინგი ამერიკულმა ტელეარხმა, ESPN-მა შეადგინა.

ESPN თავის რეიტინგში საქართველოდან ორ მებრძოლს, ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს ასახელებს, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ “დიდი შანსია, ეს ყოველთვის ასე არ იყოს, რადგან ამ ორი სუპერვარსკვლავის წარმატების გათვალისწინებით ბოლო წლებში MMA-ს მიმართ საქართველოს ინტერესი იზრდება.”

„შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს, რომ ქართული MMA-ს აღმავლობა მსოფლიო რეიტინგის მქონე სპორტსმენებში გადაიზარდოს. ეს ნამდვილად შესაძლებელია, თუ არა მოსალოდნელი”, - იუწყება ტელეარხი.

რაც შეეხება ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილს, ტელეკომპანიის შეფასებით, „ამ ეტაპზე მხოლოდ მათი წარმატება საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ საქართველო ამ სიაში მოხვედრილიყო”. თუმცა ESPN იქვე შენიშნავს, რომ წელს ქვეყანა რეიტინგში ორი პოზიციით დაბლაა და 2025 წელს მე-4 ადგილს იკავებდა.

მიზეზი ისაა, რომ გასულ წელს თოფურია და დვალიშვილი, წონითი კატეგორიის მიუხედავად, ორივე ჩემპიონი იყო და საუკეთესო მებრძოლებად იყვნენ დასახელებული. ტელეკომპანია იხსენებს, რომ დვალიშვილის 14-ბრძოლიანი მოგებათა სერია დეკემბერში შეწყდა, „თუმცა ეს UFC-ის ისტორიაში მესამე ყველაზე გრძელი მოგებათა სერია იყო”. ასევე, ილია თოფურიამ ივნისში თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან პირველი წაგება განიცადა.

„უმეტესობა ამ წარუმატებლობებს დროებით დაბრკოლებებად მიიჩნევს, საიდანაც ორივე უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე ადრე იყვნენ. გარანტია არ არსებობს, რომ ასე იქნება, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, თუ 2027 წლისთვის საქართველო ამ სიაში ისევ დაწინაურდება”, - იუწყება ამერიკული ტელეკომპანია.

წლევანდელ რეიტინგში რუსეთი მას შემდეგ ლიდერობს, რაც 2024 და 2025 წლებში პირველი ადგილი აშშ-ს ეკავა. საუკეთესო მებრძოლების რეიტინგში, წონითი კატეგორიის მიუხედავად, რუსები ისლამ მახაჩოვი და პეტრ იანი ლიდერობენ. მახაჩოვი (ნახევარწონითი კატეგორია) და იანი (მსუბუქი წონა) თავიანთ კატეგორიებში UFC-ის ჩემპიონები არიან. ამასთან, ESPN-ის ცნობით, დაუმარცხებელი მოვსარ ევლოევი წლის ბოლომდე შესაძლოა, UFC-ის ჩემპიონი გახდეს.

მეორე ადგილზე აშშ, ხოლო მესამეზე ბრაზილიაა.

MMA-ს უძლიერესი ქვეყნების 2026 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:

  • 1 - რუსეთი (2025 წელს მე-2 ადგილი)
  • 2 - აშშ (2025 წელს 1-ელი ადგილი)
  • 3 - ბრაზილია (2025 წელსაც მე-3 ადგილი)
  • 4 - ინგლისი (2025 წელს მე-6 ადგილი)
  • 5 - ავსტრალია (2025 წელსაც მე-5 ადგილი)
  • 6 - საქართველო (2025 წელს მე-4 ადგილი)
  • 7 - საფრანგეთი (2025 წელს ათეულში არ შედიოდა)
  • 8 - მექსიკა (2025 წელს მე-7 ადგილი)
  • 9 - ახალი ზელანდია (2025 წელს მე-10 ადგილი)
  • 10 - ჩინეთი (2025 წელს მე-8 ადგილი)

ESPN-ის ექსპერტებმა რეიტინგი ოთხი კრიტერიუმის საფუძველზე შეადგინეს. ეს არის მოქმედი ჩემპიონები, UFC-სა და PFL-ში მაღალი რეიტინგის მქონე მებრძოლები, ახალგაზრდა მებრძოლების პოტენციალი და MMA-ს წამყვან პრომოუშენებში წარმომადგენლების საერთო რაოდენობა.