10 ქვეყანა, რომელსაც ნავთობის ყველაზე დიდი მარაგები აქვს - სიის სათავეში ვენესუელაა

მსოფლიო 1767678300
ნავთობი

მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მსხვილი დადასტურებული რეზერვები ვენესუელას აქვს. საერთაშორისო მედიაში არ წყდება საუბარი იმაზე, რომ შეიძლება სწორედ ეს იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვენესუელასთან დაკავშირებული მთავარი ინტერესი.

შეგახსენებთ, 2025 წლის 17 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკადა განახორციელა. ვენესუელას ლიდერის, ნიკოლას მადუროს მთავრობა კი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

აღნიშნულს წინ უძღოდა ის ბრალდებები, რომელიც თითქმის 12-წლიან მმართველობაში მყოფი მადუროსა და მისი მთავრობის მისამართით ისმოდა. მთავრობის წევრებს არაერთხელ დასდეს ბრალი ფართოდ გავრცელებულ კორუფციაში. საუბარი იყო, რომ მაღალი თანამდებობის პირები ნავთობიდან მიღებული შემოსავლის მილიარდობით დოლარს კრიმინალური ქსელების მეშვეობით ითვისებდნენ. ამის გამო, მადუროს ადმინისტრაციას მკაცრი სანქციებიც დაუწესეს. 2020 წელს კი აშშ-მ მადუროს კორუფციასა და სხვა დანაშაულებში ბრალი წაუყენა.

2026 წლის 3 იანვარს, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ აშშ-ის „სამხედრო აგრესიის“ გამო, ვენესუელა საგანგებო რეჟიმზე გადადიოდა. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ მადურო და მისი მეუღლე ჩატარებული ამერიკული სამხედრო ოპერაციის დროს დააკავეს და ნიუ-იორკის ციხეში გადაიყვანეს.

მიუხედავად იმის, რომ ტრამპის გადაწყვეტილებებს მსოფლიო მედიაში მის ნავთობ ინტერესებსაც უკავშირებენ, ამერიკის პრეზიდენტი ვენესუელას ნავთობის ბიზნესს „კრახს“ უწოდებს და ამბობს, რომ:„არაფერია იმასთან შედარებით, რისი მოპოვებაც შეეძლოთ და რა შეიძლებოდა მომხდარიყო“.

ვენესუელამ, როგორც ნავთობგიგანტმა, რეზერვუარების სიდიდით არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაუსწრო საუდის არაბეთს. საუდის არაბეთი შესაბამის რეიტინგში ამჟამად მეორე პოზიციაზეა. ბოლო მონაცემებით, ვენესუელა 300 მილიარდ ბარელზე მეტ დადასტურებულ ნედლი ნავთობის მარაგს ფლობს, რითაც მსოფლიო მარაგების მეხუთედის სამშობლოა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ სახელმწიფოზე მსოფლიო დღიური ნავთობის წარმოების 1%-ზე ნაკლები მოდის.

როგორია მისი რეზერვები სხვა ქვეყნებთან შედარებით?

„ბიზნესპრესნიუსი“ OPEC-ის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალს, რომელსაც ყველაზე მეტი ნავთობი აქვს:

(შენიშვნა: მონაცემები არ მოიცავს ნავთობის ქვიშის საბადოებს, რომლებიც კანადის დადასტურებული ნედლი ნავთობის რეზერვების უმეტეს ნაწილს შეადგენს. კანადა ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფოა ნავთობის მარაგების კუთხით).

  • 1. ვენესუელა - 303.2 მლნ ბარელი;
  • 2. საუდის არაბეთი - 267.2 მლნ ბარელი;
  • 3. ირანი - 208.6 მლნ ბარელი;
  • 4. ერაყი - 145 მლნ ბარელი;
  • 5. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 113 მლნ ბარელი;
  • 6. ქუვეითი - 101. 5 მლნ ბარელი;
  • 7. ლიბია - 48.4 მლნ ბარელი;
  • 8. ამერიკის შეერთებული შტატები - 45 მლნ ბარელი;
  • 9. ნიგერია - 37.3 მლნ ბარელი;
  • 10. ყაზახეთი - 30 მლნ ბარელი.