1754977320
10 ქვეყანა, სადაც სამსახური და პირადი ცხოვრება საუკეთესოდ არის დაბალანსებული - 2025 წლის რეიტინგი

დღევანდელ დინამიკურ გლობალურ გარემოში საკმაოდ რთულია ისეთი ქვეყანა შეარჩიო საცხოვრებლად, სადაც სამსახურისა და პირადი ცხოვრებისთვის განკუთვნილი საათები დაბალანსებულია სახელმწიფოს მიერ. ბოლო დროს პროფესიონალები ეძებენ ისეთ ვაკანტურ ადგილებს, სადაც მუშაობას ონლაინ შეძლებენ - ეს მათ სასურველ ქვეყანაში ცხოვრების საშუალებას და ამასთან, ფულის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს.
მუშაკთა კეთილდღეობა დიდი ხანია აქტუალური საკითხია მთელ მსოფლიოში, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ამ მხრივ მთავრობებს ძალისხმევა აქვთ გასაზრდელი.
Global Remote Index-მა წარმოადგინა 2025 წლის რეიტინგი, სადაც სამსახურისა და პირადი ცხოვრებისთვის განსაზღვრული საათები საუკეთესოდ არის დაბალანსებული.
ახალი ზელანდია - საერთო ინდექსი 86.87
Remote-ის 2025 წლის რეიტინგში ახალი ზელანდია ლიდერობს 26- კვირიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით, 32 დღე კანონით გათვალისწინებული წლიური შვებულებით და 80%-იანი ავადმყოფობის ანაზღაურებით. იქ ადამიანის მთავარი პრიორიტეტებია: ოჯახი, კეთილდღეობა, დასვენება და მოგზაურობა.
ირლანდია - საერთო ინდექსი: 81.17
ირლანდია 2025 წლის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. ქვეყანა ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლება საცხოვრებლად და სამუშაოდ. ზურმუხტისფერი კუნძული კარგ ქულებს იკავებს შედარებით მაღალი მინიმალური ხელფასით და გულუხვი დეკრეტული შვებულების პოლიტიკით (26-კვირიანი შვებულებით, შემოსავლის 70%-ის ოდენობით).
ბელგია - საერთო ინდექსი: 75.91
ბელგიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი აქვს. ბელგია ასევე კარგ ქულებს იღებს რამდენიმე სხვა ინდიკატორში, მათ შორის კანონით გათვალისწინებულ ავადმყოფობის ანაზღაურებასა და დეკრეტულ შემწეობებში, ხოლო ქვეყნის ბედნიერების რეიტინგი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია 6.91/10 ქულით.
გერმანია - საერთო ინდექსი: 74.65
2024 წლის რეიტინგთან შედარებით ორი პოზიციით წინ წასული გერმანია, 2025 წლის პირადი ცხოვრებისა და სამსახურის ბალანსის ინდექსში მეოთხე ადგილზე ავიდა. პუნქტუალურობა და პროფესიონალიზმი ტრადიციულად „გერმანულ ღირებულებებად“ ითვლება, თუმცა ასევე დიდი აქცენტი კეთდება უფრო ჭკვიანურად მუშაობაზე. გერმანიის მთავარი ცვლილებაა კანონით დადგენილი ავადმყოფობის ანაზღაურების ზრდა. ასევე, მცირედით გაიზარდა საერთო ბედნიერების მაჩვენებელი და შემცირდა კვირაში საშუალოდ დამუშავებული საათების რაოდენობა.
ნორვეგია - საერთო ინდექსი: 74.20
ნორვეგიამ 2024 წლის კვლევაში მეცხრე ადგილიდან წელს მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ეს გაუმჯობესება ძირითადად განპირობებულია მშობლის შვებულების გაფართოებული ვარიანტებით, თუმცა სამუშაო საათების მცირედი შემცირებაც დაფიქსირდა. ნორვეგიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სამუშაო კვირა აქვს, საშუალოდ 32.6 საათი. ნორვეგიის სამუშაო კულტურა ზოგადად თანასწორობასა და თანამშრომლობაზეა ორიენტირებული.
დანია - საერთო ინდექსი: 73.76
მართლაც, ბევრი აღნიშნავს დანიის მიერ სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსის ძლიერ აქცენტს. ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ შედის ის მუდმივად მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ წელს სამეულში ვერ მოხვდა (დანია 2024 წელს ბელგიასთან ერთად მესამე ადგილზე იყო), ქვეყანაში მაღალი ხარისხის ცხოვრებაა. სოციალური ბედნიერების მხრივ მხოლოდ ფინეთს ჩამორჩება. მას ასევე აქვს ერთ-ერთი ყველაზე მოკლე საშუალო სამუშაო კვირა (32.5 საათი) და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად.
კანადა - საერთო ქულა: 73.46
კანადა წელს ორი პოზიციით დაქვეითდა, მაგრამ ის ამერიკის კონტინენტზე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსის რეიტინგში ათეულში მოხვდა. კარგი ქულები აქვს საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით. მას ასევე აქვს ის, რაც აშშ-ს არ აქვს: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სისტემა.
ავსტრალია - საერთო ინდექსი: 72.10
ავსტრალიაში პრიორიტეტს ანიჭებენ ღიაობას და თანასწორობას. ქვეყანა აქცენტს აკეთებს თანამშრომლების კეთილდღეობაზე და მეორე წელია ზედიზედ მერვე ადგილს ინარჩუნებს რეიტინგში. ავსტრალიელები, როგორც წესი, ნაკლებ საათს მუშაობენ (კვირაში 32.29 საათი) სხვა ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით.
ესპანეთი - საერთო ინდექსი: 71,94
ქვეყანას აქვს ზოგადად ჯანსაღი დამოკიდებულება სამუშაოსა და ცხოვრების მიმართ, რამაც საშუალება მისცა მას 2025 წლის კვლევაში ერთი პოზიციით წინ წასულიყო და ტოპ 10-ში ადგილი დაემკვიდრებინა. ესპანელი დასაქმებულები ასევე სარგებლობენ დიდი წლიური შვებულებითა და დეკრეტული შეღავათებით.
ფინეთი - საერთო ინდექსი: 70.86
ათეულს ამთავრებს ფინეთი, რომელიც ბოლო კვლევის თანახმად, 2025 წლისთვის მსოფლიოში „ოფიციალურად“ ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა. ფინელები ბოლო რვა წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე ოპტიმისტურ ერებს შორის პირველ ადგილზე იყვნენ. ეს ხშირად მიეწერება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სოციალური ნდობისა და თავისუფლების მაღალი დონე, ასევე ბუნებისა და ღია სივრცეებისადმი სიყვარული. ის ათეულში რჩება ზემოხსენებული ბედნიერების ქულის, ასევე ყოველწლიური შვებულების დიდი რაოდენობის და შედარებით მოკლე საშუალო სამუშაო კვირის წყალობით.
წყარო: thenationonlineng.net