500-დოლარიანი პირველი ჰონორარი, 100 სამუშაო საათი კვირაში…- ამბები ილონ მასკზე, რომელიც პირველი ტრილიონერის სტატუსის მოპოვებისთვის „იბრძვის“

მსოფლიო 1769234580
ილონ მასკი

1971 წელს სამხრეთ აფრიკაში დაბადებული პატარა ბიჭის მშობლები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მომავალში მათი შვილი სამყაროს შეცვლას დაისახავდა მიზნად, გახდებოდა არაერთი ტექნოლოგიური სიახლის ფუძემდებელი და ამასთან, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი. ილონ მასკი დღეს თითქმის 800 მლრდ დოლარის ქონების მფლობელია, მეტიც, არის ვარაუდი, რომ სწორედ ის გახდება მსოფლიოში პირველი ადამიანი, ვინც ტრილიონერის სტატუსს მიიღებს.

ტექნოლოგიური რევოლუციების ავტორი დღეს არა მხოლოდ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, არამედ საკამათო ფიგურადაც ითვლება.

კაცი, რომელმაც კოსმოსი, ელექტრომობილები და ხელოვნური ინტელექტი ერთ რეალობაში გააერთიანა, ხშირად ხდება განხილვის საგანი. ის ერთდროულად აინტერესებს როგორც ბიზნესს, ისე სამეცნიერი წრეებსა და ფართო საზოგადოებასაც. აზრები და დამოკიდებულებები კი მის მიმართ სხვადასხვაგვარია.

თუმცა, რამდენად განსხვავებულიც არ უნდა იყოს მის მიმართ დამოკიდებულებები, ფაქტი ერთია, ვსაუბრობთ კაცზე, რომელმაც უკვე შეცვალა მსოფლიო და დიდი ალბათობით, ის ამას მომავალშიც გააგრძელებს.

სტატიაში გიზიარებთ საინტერესო ფაქტებს ილონ მასკზე, ადამიანზე, რომელიც ინოვაციებთან, პროგრესთან და სკანდალებთან ერთდროულად ასოცირდება.

500 დოლარიდან 800 მილიარდამდე

ილონ მასკმა პირველი კომპიუტერული თამაში, რომლის სახელიც “Blastar” იყო, 12 წლის ასაკში შექმნა და გაყიდა. თამაშის გაყიდვიდან მიღებული თანხა დაახლოებით 500 დოლარი იყო. სწორედ ეს გახდა მისი პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიურ სამყაროში. დღეს კი მისი ქონება 800 მლრდ დოლარს აღწევს.

სამხრეთ აფრიკიდან მსოფლიო ელიტამდე

ილონ მასკი 1971 წლის 28 ივნისს, პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში დაიბადა. მოგვიანებით კანადაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი - ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას სამი ქვეყნის − სამხრეთ აფრიკის, კანადისა და აშშ-ის მოქალაქეობა აქვს. უცხოურ მედიაში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ ახალგაზრდობაში დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე უწევდა დასაქმება, მათ შორის უმუშავია ქარხნებსა და ფერმებში.

ილონ მასკმა სტენფორდში მხოლოდ 2 დღე ისწავლა

პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხისა და ორი დიპლომის მიღების შემდეგ, მასკი სტენფორდში ფიზიკის შესასწავლად, კალიფორნიაში გადასახლდა. სამწუხაროდ, მან სწავლა ზუსტად 2 დღეში მიატოვა და გადაწყვიტა, მთელი თავისი დრო საკუთარ კომპანია Zip2 Corporation-ისთვის დაეთმო.

PayPal-ის შექმნა - პირველი დიდი წარმატება

მასკი იყო ერთ-ერთი თანადამფუძნებელი კომპანია X.com-ის, რომელიც მოგვიანებით PayPal-ად გადაიქცა. კომპანიის გაყიდვამ eBay-ზე მას ათეულ მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა. ეს იყო მისი პირველი დიდი ნაბიჯი კარიერაში, რომელმაც გზა გაუხსნა უფრო ამბიციური პროექტებისკენ.

SpaceX - კოსმოსი კერძო სექტორის ხელში

2002 წელს მასკმა დააფუძნა SpaceX. კომპანია, რომელმაც ისტორიაში პირველად შეძლო კერძო რაკეტის ორბიტაზე გაყვანა და მისი უკან დაბრუნება. დღეს SpaceX თანამშრომლობს NASA-სთან და მუშაობს ისტორიაში ყველაზე ამბიციურ გეგმაზე, მარსზე ადამიანის გაგზავნასთან დაკავშირებით.

Tesla და ელექტრომობილების რევოლუცია

Tesla მასკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპანიად იქცა. თუმცა, შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ კომპანიის მიზანი მხოლოდ მანქანების გაყიდვა არ არის. მასკს სურს, მსოფლიო ფოსილურ (წიაღისეულ) საწვავზე დამოკიდებულებას ჩამოაშოროს.

ექსტრემალური სამუშაო რეჟიმი

მასკი ცნობილია უკიდურესად დატვირთული სამუშაო გრაფიკით. უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის კვირაში 80–100 საათამდე მუშაობს. თავადაც ამბობს, რომ კრიზისულ პერიოდებში ქარხნებში ეძინა და შხაპს სამუშაო ადგილზე იღებდა. რაც ზოგისთვის შრომისმოყვარეობის სიმბოლოა, ზოგი კი ამას არაჯანსაღ სამუშაო კულტურას უწოდებს.

სკანდალი და სოციალური ქსელები

მასკი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მილიარდერია სოციალურ ქსელებში. გამორჩეულია მისი აქტივობების შინაარსიც. მასკის პოსტებს, მისი სითამამიდან გამომდინარე, შეუძლია ერთდროულად როგორც დიდი აღფრთოვანება, ისე კრიტიკა გამოიწვიოს საზოგადოებასა და ბიზნეს წრეებში. თუმცა, ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ რიგითი ადამიანის რიგით პოსტზე. ის გარდა რეაქციებისა, მისი ტვიტებით, ბაზრის მერყეობას, აქციების ფასების ცვლილებებსა და პოლიტიკურ დებატებსაც ხშირად იწვევს.

თანამშრომლებისა მიმართ დამოკიდებულება

მასკის კომპანიები, განსაკუთრებით Tesla და SpaceX, პერიოდულად ხვდებიან კრიტიკის ქვეშ თანამშრომელთა გადაღლილობის, შრომითი უფლებებისა და მენეჯმენტის მკაცრი სტილის გამო. ამასთანავე, აქტიური იყო ცნობები იმის შესახებაც, რომ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის (ახლანდელი X) შეძენის შემდეგ არაერთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება, კონტენტის მოდერაციის პოლიტიკის შეცვლა და მომხმარებლების ნაწილის უკმაყოფილება.

ქმნის AI კომპანიებს და თან საუბრობს ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე

მუხედავად იმისა, რომ მასკი თავად ქმნის ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს, ის ხშირად აფრთხილებს საზოგადოებას AI-ის უკონტროლო განვითარების საფრთხეებზე და ამბობს, რომ უკონტროლო ხელოვნური ინტელექტი, კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. კრიტიკოსების ნაწილი ამ ყველაფერს ორმაგ სტანდარტებს უწოდებს.

ოჯახი და პირადი ცხოვრება

ილონ მასკის მამობის გზამ მას ბოლო ორნახევარი ათწლეულის განმავლობაში ჯამში 14 შვილი (და ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს) შესძინა: ნევადა, ვივიანი, გრიფინი, კაი, საქსონი, დამიანი, X Æ A-Xii, ექსა, სტრაიდერი, აზიური, ტექნო, არკადია, სელდონ ლიკურგუსი და რომულუსი. პირველ შვილი 2002 წელს შეეძინა, ხოლო ყველაზე უმცროსი შვილი, სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში (ოფიციალური ცნობები არ იძებნება). მასკის პირველი შვილი, ვაჟი, 10 კვირის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა განუკურნებელი სინდრომის შედეგად. უცხოური მედიის ცნობებით, ილონ მასკს შვილები რამდენიმე სხვადასხვა პარტნიორისგან ჰყავს.

„რეალური აირონ მენი“

ალბათ, ამ შედარებაზე აქამდეც ხშირად გსმენიათ. Marvel-ის ფილმების შემქმნელებმა აღიარეს, რომ ტონი სტარკის (Iron Man) პერსონაჟის შექმნის შთაგონება ნაწილობრივ ილონ მასკი იყო. მსგავსება აღებულია როგორც ვიზუალურ ჭღილში, ასევე პიროვნული მახასიათებლებითაც.