“AI ხარისხიან ჟურნალისტიკას ვერასდროს შეცვლის“ - ვინ არის მილიარდერი, რომელიც ბეჭდური მედიის გადარჩენას ცდილობს

მსოფლიო 1779697800
ჰოფმანი

სულ რაღაც ოთხ წელიწადში მილიარდერმა და მეწარმემ დევიდ ჰოფმანმა მოახერხა კონტროლი დაემყარებინა 131 ამერიკულ გამოცემაზე, მათ შორის Aspen Daily News-ზე, St. Louis Post-Dispatch-სა და Omaha World-Herald-ზე.

როგორ აკეთებს ჰოფმანი ამას?

დევიდ ჰოფმანის სახლის ზღურბლთან, რომელიც ფლორიდის შტატის ქალაქ ნეიპლსში მდებარეობს, ყოველ დილით აშშ-ის 29 შტატიდან 140 გაზეთი მიაქვთ.

9 გამოცემის გარდა, ყველა მათგანი მას ეკუთვნის, მათი ტირაჟი კი 5 000-დან 250 000 ეგზემპლარამდე მერყეობს.

თავის კაბინეტში მოკალათებული 73 წლის მილიარდერი კითხვას იწყებს და გამოცემებს მაშინვე ახარისხებს: პირველ დასტას - გადასაგდებად, მეორეს კი - „წითელი მარკერისთვის“. წითელი მარკერებით ის გაზეთები განისაზღვრება, რომელშიც ის თავის შენიშვნებს დატოვებს. მოგვიანებით ის ამ შენიშვნებს Lee Enterprises-ის (ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საგაზეთო ქსელი, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტი ჰოფმანმა თებერვალში შეიძინა) გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ნეიტან ბეკესთან ერთად განიხილავს.

ზოგჯერ გაზეთებში მის ყურადღებას პროვოკაციული სათაური იქცევს, სხვა შემთხვევებში კი მიზეზი პოლიტიკური შეხედულებებია - მაგალითად, Associated Press-ის პუბლიკაციები მას ხშირად ზედმეტად „მემარცხენედ“ ეჩვენება. გარდა ამისა, ჰოფმანს არ უყვარს სტატიები, სადაც ქალაქები არაობიექტურადაა წარმოჩენილი.

“მე გადავარჩენ ამერიკულ პრესას. იმედი მაქვს, შევძლებ ამერიკისთვის რაიმე მნიშვნელოვანი და მასშტაბური გავაკეთო“, - აცხადებს ჰოფმანი, რომელიც სრულად ფლობს 42 გამოცემას და Lee Enterprises-ის 53%-იან წილს, რომელიც თავის მხრივ 70-ზე მეტ გაზეთს გამოსცემს.

ჰოფმანი თვლის, რომ იპოვა სტრატეგია, რომელიც ადგილობრივ გაზეთებს არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ აყვავების საშუალებას მისცემს: მისი მეთოდი ხარჯების დაზოგვისა და მოგების მიღების მარტივი კომბინაციაა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა „ჰიპერლოკალურ“ კონტენტს.

ქვეყნის უმსხვილეს ქსელ Gannett-სა და საინვესტიციო კომპანია Alden Global Capital-ს თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის გამო ცუდი რეპუტაცია აქვთ, თუმცა ჰოფმანისთვის გათავისუფლება „ცუდი სიტყვაა“, ამიტომ ის სხვანაირად მოქმედებს: აფართოებს რედაქციებს ლოკალური ტურიზმის, სპორტისა და ბიზნესის უკეთ გასაშუქებლად, რადგან სწამს, რომ მსგავსი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

მილიარდერი, რომელიც ბეჭდური მედიის გადარჩენას ცდილობს

მისი სტრატეგია მართლაც მუშაობს...

2022 წლიდან Hoffmann Media Group-ის მეშვეობით შეძენილი 48-ვე გამოცემა მოგებაზეა გასული. ამავდროულად, ის Lee Enterprises-ში ახორციელებს მოგების მასშტაბურ ინექციას, რაც დავალიანების რესტრუქტურიზაციის საშუალებას იძლევა.

იანვრისთვის კომპანიას 455 მილიონი დოლარის ვალი ჰქონდა, 50 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის ინვესტირებამ საშუალება მისცა კომპანიას, ხუთი წლის განმავლობაში ეს განაკვეთი შეემცირებინა, რამაც ყოველწლიური საპროცენტო ხარჯები მაშინვე 18 მილიონი დოლარით შეამცირა.

მართვის სადავეების ხელში ჩაგდებისთანავე მან საბჭოს შემადგენლობა მესამედით შეამცირა და ზოგიერთი სტამბური ოპერაცია გააერთიანა.

გარიგების გამოცხადების შემდეგ აქციების ღირებულება გაორმაგდა.

ახლა ჰოფმანი აორმაგებს ძალისხმევას ჰიპერლოკალური გაშუქების მიმართულებით, რაც პირველ რიგში, სასკოლო სპორტს ეხება. მან პარტნიორობა გააფორმა კომპანია Hudl-თან, რომლის ტექნოლოგიები გამოცემებს საშუალებას აძლევს ინტერნეტში მყისიერად გამოაქვეყნონ თამაშების საუკეთესო მომენტები.

ჰოფმანი თავად მოგზაურობს Lee Enterprises-ის ძირითად ბაზრებზე და ხვდება ადგილობრივ ხელმძღვანელებს სენტ-ლუისში, ომაჰაში, ბუფალოში, რიჩმონდში, როანოკში, მედისონსა და ფენიქსში, სადაც საწარმოებს გამოწერასა და რეკლამის განთავსებას სთავაზობს. მან უკვე მოიზიდა 500 000 დოლარზე მეტი წლიური სარეკლამო შემოსავალი და 500 ახალი გამომწერი.

ბავშვობა

ჰოფმანმა ბავშვობა მისურის შტატში გაატარა. მამამისი რძის მანქანის მძღოლი იყო, დედა კი - ოფიციანტი.

სპორტმა მას გზა გაუხსნა და სტიპენდიით უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა ტრავმების გამო სწავლის მიტოვება მოუხდა. მოგვიანებით მან თავად დააგროვა სწავლის ფული ქარხანაში მუშაობით. 36 წლის ასაკში ჰოფმანმა საკუთარი სახლი ორჯერ დააგირავა კადრების სააგენტო DHR Global-ის გასახსნელად.

დღეს Hoffmann Family of Companies-ის მეშვეობით ის ფლობს წილებს 125-ზე მეტ საწარმოში - მეღვინეობებიდან დაწყებული, ჰოკეის კლუბით დასრულებული.

ამ ბიზნესში ის 2021 წლის ერთმა მოგზაურობამ მოიყვანა, როდესაც ჩიკაგოში შვილიშვილების მოსანახულებლად ჩავიდა და მათი მატჩების შესახებ სტატიების წაკითხვა მოინდომა, თუმცა გაირკვა, რომ ადგილობრივი გამოცემა Pioneer Press ახლახან დახურულიყო.

„მაშინ მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება და გადავწყვიტე დამეწყო პროგრამა ამერიკული პატარა ქალაქების გაზეთების გადასარჩენად“, - იხსენებს ის.

ჰოფმანს არ აშინებს ხელოვნური ინტელექტი, რადგან თვლის, რომ ის ვერასდროს შეცვლის ხარისხიან ჟურნალისტიკას.

2.6 მილიარდი დოლარის ქონების მქონე ჰოფმანი ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი „ინფორმაციული უდაბნო“ გააჯეროს სიახლეებით.

წყარო: forbes