ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

მსოფლიო 1786011425
ბრიტანეთი

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც რუსულ გემებს, ბანკებსა და სამრეწველო კომპანიებს ეხება. როგორც Reuters-ი წერს, გადაწყვეტილების მიზანია მოსკოვისთვის იმ ფინანსური ნაკადების შეზღუდვა, რომლებითაც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი ფინანსდება.

ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, სანქციების სიას 13 ახალი სუბიექტი დაემატა. შეზღუდვები გავრცელდა ექვს რუსულ ბანკზე, ექვს გემსა და ინდოეთში ბაზირებულ კომპანიაზე, რომელიც აღნიშნული გემების მართვას ახორციელებს.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები უკვე 3 200-ზე მეტ ფიზიკურ პირს, კომპანიასა და გემს დაუწესა. ლონდონის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები, პირველ რიგში, რუსეთის ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შემცირებასა და კრემლის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტებას ემსახურება.