1750668103
„ექსტრემალური სცენარი“ - ჩაკეტავს თუ არა ირანი ჰორმუზის სრუტეს და ვინ დაზარალდება ამით ყველაზე მეტად

ჰორმუზის სრუტეზე, რომლის ჩაკეტვაც ირანმა მისი ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ დააანონსა, ყოველდღიურად, დაახლოებით, 3000 გემი, ანუ მსოფლიოს ნავთობპროდუქტების მეოთხედი გადის.
სრუტის სიგანე ყველაზე ვიწრო წერტილში მხოლოდ 40 კმ-ია, თუმცა მასზე გადაზიდვების ნებისმიერმა შეფერხებამ გლობალურ ნავთობმიწოდებაში შესაძლოა, სერიოზული შეფერხებები გამოიწვიოს, რაც ფასებზე დაუყოვნებლივ აისახება - ამის შესახებ BBC წერს.
კერძოდ, ჰორმუზის სრუტე ერთმანეთისგან ირანსა და ომანს ჰყოფს. შესასვლელსა და გასასვლელში მისი სიგანე, დაახლოებით, 50 კმ, ხოლო ყველაზე ვიწრო (40 კმ) შუა ნაწილია. ამასთან, დიდი გემებისთვის სრუტეს მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში აქვს საკმარისი სიღრმე.
ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურეს ომანის ზღვასთან, შემდეგ კი ღია ოკეანესთან აკავშირებს. Bloomberg-ის მონაცემებით, ყოველდღიურად სრუტის გავლით ირანიდან, ერაყიდან, ქუვეითიდან, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით მსოფლიო საზღვაო ვაჭრობის, დაახლოებით, მეოთხედი ხორციელდება. Financial Times-მა ეს მაჩვენებელი 21%-ით შეაფასა.
აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს (EIA) შეფასებით, 2023 წლის პირველ ნახევარში სრუტეზე დღეში, დაახლოებით, 20 მლნ ბარელ ნავთობმა გაიარა, რაც წელიწადში, თითქმის, 600 მლრდ დოლარს შეადგენს. ამდენად, ისრაელ-ირანის კონფლიქტში აშშ-ის ჩართვა იმითიც არის განპირობებული, რომ შეერთებული შტატები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობის იმპორტზე არის დამოკიდებული. აშშ ამ სრუტით დღეში, დაახლოებით, 700 000 ბარელ ნედლი ნავთობისა და კონდენსატის იმპორტს ეწევა, რაც მისი მთლიანი ნავთობის იმპორტის, დაახლოებით, 11%, ხოლო ბენზინის მოხმარების 3%-ია.
რაც შეეხება ევროპას, სრუტეზე გამავალ ნავთობში მისი მთლიანი წილში, სავარაუდოდ, დღეში 1 მლნ ბარელზე ნაკლებია.
ანალიტიკური კომპანია Vortexa-ს კვლევის თანახმად, საუდის არაბეთი ჰორმუზის სრუტის გავლით დღეში, დაახლოებით, 6 მლნ ბარელ ნედლი ნავთობის ექსპორტს ეწევა, რაც ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაზე მეტია, ხოლო სრუტეზე გამავალი ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელი ჩინეთია. ამდენად, მოელიან, რომ ჩინეთი ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნის დახურვის თავიდან ასაცილებლად სრულ დიპლომატიურ ძალას გამოიყენებს.
თავად ირანი ნავთობის დიდ ნაწილს ბაზარზე არსებულ ფასებზე იაფად ყიდის, რაც თეირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტიმულია და მას მკაცრ ამერიკულ სანქციებთან გამკლავებაში ეხმარება.
ასევე, სრუტეზე გამავალი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორები ინდოეთი, იაპონია და სამხრეთ კორეაცაა.
ამდენად, ჰორმუზის სრუტის შესაძლო დახურვით, აშშ-სთან და ევროპასთნ შედარებით, არაბული და აზიური ქვეყნები უფრო მეტს დაკარგავენ.
Marine Traffic-ის მონაცემებით, ირანში არსებულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმის შემდეგ 17-მა ნავთობტანკერმა სპარსეთის ყურე მაშინვე დატოვა, ხოლო 37 გემი ჰორმუზის სრუტის წინ იდგა და საფრთხის შეფასებას ცდილობდა.
ანალიტიკოსები სრუტის შესაძლო დახურვას „ექსტრემალურ სცენარს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურიდან გასასვლელის სრულად დაბლოკვამ შესაძლოა, თანამედროვე ბაზრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიწვიოს, რაც 1970-იანი წლების კრიზისების მსგავსი იქნება. JPMorgan Chase & Co.-ს მონაცემებით, ამ სცენარით ნავთობის ფასი ბარელზე შესაძლოა, 130 დოლარამდე გაიზარდოს
ნავთობის გარდა, ჰორმუზის სრუტით თხევადი ბუნებრივი აირის გლობალური მიწოდების 30%-მდე გადის.
ცნობისთვის: ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭომ უდა დაამტკიცოს. ასევე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალ ალირეზა ტანგსირი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „რამდენიმე საათში დაიკეტება.“ მანამდე ამ ინიციატივით ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი, ჰოსეინ შარიათმადარი გამოვიდა და ბაჰრეინში ბაზირებულ აშშ-ის საზღვაო ძალების გემებზე სარაკეტო დარტყმებისკენაც მოუწოდა. ასევე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩიმ ჰორმუზის სრუტის დახურვა დაუშვა. მსგავსი გაფრთხილება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ნავთობტანკერები ამ მარშრუტით ევროპაში ვეღარ გაივლიან.
22 ივნისს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯ.დ. ვენსმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დაკეტვა ქვეყნის ეკონომიკისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ თეირანი ასეთ ნაბიჯს გადადგამს.
bpn.ge