1750507980
ლატვიამ რუსებს უძრავი ქონების შესყიდვა საბოლოოდ აუკრძალა

ლატვიის სეიმმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის, ასევე, ამ სახელმწიფოებში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას კრძალავს - ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი LSM ავრცელებს.
დოკუმენტს 69 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8 კი წინააღმდეგი იყო.
შეზღუდვა, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე ვრცელდება, რომლებშიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები საწესდებო კაპიტალის წილების, მინიმუმ, 25%-ს ფლობენ და რომლებშიც ისინი ბენეფიციარები არიან.
კანონში რიგი გამონაკლისი არის დაშვებული. კერძოდ, რუსები და ბელარუსები უძრავი ქონების მფლობელები იმ შემთხვევაში ხდებიან, თუ ის ნათესავებისგან მემკვიდრეობით მიიღეს ან სასამართლომ მათ საკუთრებად ცნო. ამასთან, შეღავათი რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეებზე მოქმედებს, რომლებსაც ლატვიაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა ან ევროკავშირის მუდმივი რეზიდენტის სტატუსი აქვთ. მათ მხოლოდ ერთი საცხოვრისის შეძენის უფლება აქვთ.
ახალი კანონის ავტორები არგუმენტად ლატვიის ეროვნული უსაფრთხოების რისკებს ასახელებენ, რადგან ბელარუსებისა და რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენა შესაძლოა, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად იქნეს გამოყენებული. ამასთან, მოსკოვი თავისი მოქალაქეების საზღვარგარეთ ყოფნას შეჭრის საბაბად იყენებს, სამხედრო ქმედებებს კი მათი დაცვის აუცილებლობით ამართლებს.
ახალი კანონი მის მიღებამდე დადებულ გარიგებებზე არ ვრცელდება.
მანამდე ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესვლა რუსეთის იმ მოქალაქეებს აეკრძალა, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებთან ახლოს უძრავ ქონებას ფლობენ. სუს-ის ცნობით, ბოლო წლებში რესპუბლიკაში უძრავი ქონების მფლობელი რუსების შემოწმების შედეგად სპეციალურმა სამსახურმა ეროვნული უსაფრთხოების რისკები გამოავლინა. შედეგად რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე იმ უცხოელების სიას დაემატა, ვისაც ლატვიაში შესვლა აკრძალული აქვს. სუს-ი არ აკონკრეტებს, თუ რამდენ რუსს შეეხო აკრძალვა.
ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრი, რიჰარდ კოზლოვსკისი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემა შეწყვიტოს, რადგან მათი ვიზიტები შესაძლოა, ბლოკის შიდა უსაფრთხოებას ემუქრებოდეს. თავად ლატვიამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსებზე შენგენის ვიზების გაცემა შეწყვიტა და რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა უკიდურესი აუცილებლობის გარეშე აუკრძალა. ანალოგიური ზომები ლიეტუვამ, ესტონეთმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა და ფინეთმაც მიიღო.
ლატვიის ხელისუფლებამ, ასევე, დაავალდებულა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები, რესპუბლიკაში შენგენის ქვეყნებიდან შესვლის შესახებ შეატყობინონ და მოგზაურობის მიზნის, მოსალოდნელი ხანგრძლივობისა და ყოფნის ადგილის შესახებ ინფორმაცია შესვლამდე 48 საათით ადრე მიაწოდონ. ამასთან, ლატვიაში შესვლის მსურველებმა უნდა მიუთითონ დასაქმების სფერო, არჩევითი თანამდებობის მქონე ნათესავები, სამხედრო სამსახურის ან სახელმწიფო საქმიანობის შესახებ მონაცემები. ამ მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმამ შესაძლოა, 2 ათას ევრომდე მიაღწიოს.
ამასთან, ლატვიის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა ყოველწლიურ ანგარიშში მოქალაქეებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ჯაშუშები, რომლებსაც ტურისტებად ან ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებად შეუძლიათ შენიღბვა. კერძოდ, საეჭვო პირების ნიშნები შესაძლოა, მოიცავდეს მოუწესრიგებელ გარეგნობას, შეუფერებელ სამხედრო ან სპორტულ ტანსაცმელსა და სამხედრო სტილის მოკლე ვარცხნილობას. სპეციალურმა სამსახურმა, ასევე, მოქალაქეები გააფრთხილა, რომ რუსმა დივერსანტებმა შესაძლოა, ქვეყანაში მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ არეულობის წაქეზება სცადონ, ხოლო საეჭვო პირების აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებმა რაიმე დამოუკიდებელ ქმედებას კი არ უნდა მიმართონ, არამედ პოლიციას ან სამხედროებს დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ და ჯაშუშების შესახებ შეატყობინონ.
ცნობისთვის: გაზაფხულზე ანალოგიური კანონი ფინეთის პარლამენტმაც მიიღო. ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა რუსეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის არის დაშვებული, რომლებიც ბინადრობის მუდმივ ნებართვას ფლობენ.
2023 წლიდან მსგავსი წესები ლიეტუვაშიც მოქმედებს. თუმცა, ფინეთისა და ლატვიისგან განსხვავებით, შეზღუდვა მუდმივი კანონი კი არა, დროებითი სანქციაა, ამიტომ აკრძალვა ბინადრობის როგორც მუდმივ, ასევე, დროებითი ნებართვის მფლობელზეც არ ვრცელდება.
bpn.ge