ევროპაში 12 ტონა KitKat-ით დატვირთული სატვირთო გაიტაცეს

მსოფლიო 1775376180
KitKat

ევროპაში გაიტაცეს სატვირთო, რომელსაც 12 ტონა KitKat-ის შოკოლადი გადაჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სატვირთო, რომელიც ახალი ხაზის 413 793 ცალი შოკოლადით იყო დატვირთული, გასულ კვირას ცენტრალური იტალიიდან პოლონეთის მიმართულებით დაიძრა, თუმცა დანიშნულების საბოლოო პუნქტამდე ვერ მიაღწია. არ კონკრეტდება, რომელ ქვეყანაში მოხდა გატაცება, თუმცა ამ დრომდე არც ტვირთი და არც სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, ნაპოვნი არ არის.

უცხოური მედია კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ პროდუქცია რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უნდა გადანაწილებულიყო, თუმცა სატვირთო გზაში გაუჩინარდა.

კომპანია განმარტავს, რომ მოპარული შოკოლადების იდენტიფიცირება სპეციალური კოდით არის შესაძლებელი. კოდის დასკანერების შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს ინსტრუქციას, თუ როგორ დაუკავშირდეს KitKat-ს.

"მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებთ დამნაშავეების გემოვნებას, ტვირთის ქურდობა სერიოზული პრობლემაა ნებისმიერი ბიზნესისთვის," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.