იტალიამ შესაძლოა, თავისი პლაჟების 40% დაკარგოს

მსოფლიო 1770034615
იტალია

იტალიამ 2050 წლისთვის შესაძლოა, თავისი ერთ-ერთი ტურისტული მიმართულება, ანუ ზღვისპირა კურორტები დაკარგოს, რადგან ყოველი მეხუთე პლაჟი გაქრობის საფრთხის წინაშე დგას.

ამის შესახებ იტალიის გეოგრაფიული საზოგადოების (SGI) მეცნიერთა დასკვნაში წერია, სახელწოდებით, „ჩაძირული ლანდშაფტები,“ რასაც “ევროპულსი” ავრცელებს.

კერძოდ, 2050 წლისთვის შესაძლოა, იტალიის პლაჟების 20%, ხოლო საუკუნის ბოლოსთვის, თითქმის, ნახევარი, ანუ 40% გაქრეს.

მეცნიერები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. პირველი გლობალური დათბობაა, რომელიც ზღვის დონის აწევას იწვევს. შედეგად მთელ მსოფლიოში პლაჟები და დაბლობი სანაპირო ზონები იტბორება, რაშიც იტალია გამონაკლისი არ არის.

მეორე მიზეზი კლიმატური კრიზისით გამოწვეული ექსტრემალური შტორმებია, რომლის სიხშირეც სანაპირო ტერიტორიების ეროზიას იწვევს. ამ შტორმების დროს ზღვაში უზარმაზარი რაოდენობით ქვიშა ირეცხება. შედეგად, ზოგიერთ ადგილას ხელისუფლება უკვე იძულებულია, ახალი ქვიშა შეიტანოს, რომ პლაჟები დასასვენებლად ვარგისიანი იყოს.

მესამე ფაქტორი მასობრივი ტურიზმია, რაც ამ პროცესს დიდწილად შეუქცევადს ხდის. კერძოდ, ტურისტების მასიური შედინება აზიანებს და ნაწილობრივ ანადგურებს სანაპირო მცენარეულობას, რომელიც ქარისა და ტალღების წინააღმდეგ ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენს.

ამის გარდა, ახალი კურორტების, სასტუმროების, რესტორნებისა და გზების მშენებლობა სანაპირო მიწების ფრაგმენტაციასა და იზოლაციას იწვევს. ბუნებაში, როგორც წესი, ქვიშიანი ტერიტორიების ეროზიისა და აღდგენის ბუნებრივი ციკლი მიმდინარეობს. პლაჟები, არსებითად, ქარისა და წყლის მიერ ქვიშის მუდმივი მოძროაბის გამო „ცოცხლობენ,“ რომელიც შემდეგ ახალ ადგილებზე ილექება. თუმცა გზებისა და სასტუმროების მშენებლობის გამო ეს ბუნებრივი მექანიზმი აღარ მუშაობს.

SGI-ის მეცნიერების აზრით, ადრიატიკის ზღვის პოპულარული პლაჟები შესაძლოა, პირველი იყოს, რომლებიც ამ პროცესებით დაზარალდება. ეს ეხება როგორც იტალიას, ასევე, ხორვატიას, მონტენეგროსა და სლოვენიას.

რისკის ქვეშ არის იტალიის ტირენის ზღვის სანაპიროს რამდენიმე მონაკვეთიც. მათ შორის არის ტოსკანასა და კამპანის შორის ტერიტორია. ყველაზე დაუცველ ტერიტორიებს შორის ამალფის სანაპირო, ფორტე დეი-მარმი, ასევე, კაპრისა და ისკიას კუნძულებია.