1745821363
ტრამპის გადაწყვეტილებით ამერიკულ სკოლებში AI-ის შეასწავლიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკელი სკოლის მოსწავლეები ამ საუკუნის უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიის, ხელოვნური ინტელექტის შესწავლას პირდაპირ საკლასო ოთახებში შეძლებენ. პრეზიდენტის განკარგულებით, თეთრ სახლში სპეციალური საბჭო შეიქმნება, რომელიც საბავშვო ბაღიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის სპეციალურ სასწავლო პროგრამას დანერგავს.
საკლასო ოთახებში ხელოვნური ინტელექტის სწავლებით, დონალდ ტრამპს ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის მზად მყოფი სამუშაო ძალის შექმნა სურს. მასწავლებელთა გადამზადება საბჭომ 120 დღეში უნდა დაიწყოს, პირველი საპილოტე პროექტის წარმოსადგენად კი 180 დღე ექნება.
“ხელოვნური ინტელექტი სწრაფი ტემპებით ცვლით თანამედროვე სამყაროს — ის აჩქარებს მრავალმხრივ განვითარებას, ზრდის პროდუქტიულობას და ცვლის ჩვენს ცხოვრებას და სამუშაო გარემოს. იმისთვის, რომ შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია ამ ტექნოლოგიურ რევოლუციაში, აუცილებელია, ახალგაზრდობას მივცეთ შესაძლებლობა განივითარონ ის უნარები და ცოდნა, რომელიც ახალი თაობის AI-ტექნოლოგიების შექმნის შესაძლებლობას მისცემს.
ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის გაღრმავებით, სტუდენტებს მოვამარაგებთ იმ ფუნდამენტური ცოდნით და უნარებით, რომლებიც სულ უფრო მეტად ციფრულ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაში და წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
AI-ის ადრეული გაცნობა ემსახურება არამხოლოდ ამ ტექნოლოგიისთვის ფარდის ახდას, არამედ აღვიძებს ცნობისმოყვარეობასა და კრეატიულობას, ამზადებს ახალგაზრდებს რათა გახდნენ მომავლის სამუშაო ძალის აქტიური და პასუხისმგებლობიანი მონაწილეები და გვეხმარება ინოვატორთა ახალი თაობის აღზრდაში, რომელიც ჩვენს ერს სამეცნიერო და ეკონომიკური მიღწევების ახალ სიმაღლეებზე აიყვანს”, — ვკითხულობთ თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში.
გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნურ ინტელექტში გათვითცნობიერებული მასწავლებლების გარეშე მომავალი თაობების აღზრდა უბრალოდ შეუძლებელია, თეთრი სახლის სპეციალური საბჭოს პირველი დავალება, სწორედ მასწავლებლების დატრენინგებაა. მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, საბჭო შეიმუშავებს პროფესიულ პროგრამებს, რომელთა დახმარებით AI ყველა საგნის სწავლების პროცესში ჩაინტეგრირდება, ხოლო თავად მასწავლებლები გადამზადდებიან, როგორც ფუნდამენტურ კომპიუტერულ მეცნიერებებში, ასევე თავად ხელოვნურ ინტელექტში. სწავლების პროცესში ასევე დაინერგება ის AI-ხელსაწყოები, რომელთა დახმარებით შემცირდება ადმინისტრაციული წნეხი და გაიზრდება სასწავლო მასალის ახსნის ხარისხი.
საინტერესოა, რომ უშუალოდ სწავლების გარდა, დონალდ ტრამპის ეს ინიციატივა სამუშაო ძალის გარდაქმნასაც ითვალისწინებს. ამიტომაც, საჯარო სტრუქტურებში დაინერგება AI-სთან დაკავშირებული სტაჟირებების პროგრამები, ხოლო სახელმწიფო AI-ის მიმართულებით სერტიფიცირების პროცესს წაახალისებს. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ასევე მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული გრანტების დიდი ნაწილი. ტრამპის ადმინისტრაციას სჯერა, რომ ამ გზით, ახალ ეპოქაში ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნა არავის გაუჭირდება, თინეიჯერებით დაწყებული, ზრდასრულით დამთავრებული. ამ გზით, AI-ის შესახებ ცოდნის მიღებას ყველა ამერიკელი შეძლებს, რაც ქვეყანაში კრიტიკული აზროვნების და ინოვაციის კულტურას შექმნის.
საინტერესოა, ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც განათლების დეპარტამენტის გაუქმებას ითვალისწინებს. რესპუბლიკელი პრეზიდენტის შეფასებით, განათლების სამინისტროს ერთადერთი დანიშნულება ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება და დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერა იყო, რაც ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტისთვის უაზრო ხარჯს წარმოადგენს. ასეთი პროგრამების მიმართ კი, როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი უარყოფითად განეწყო და გამონაკლისი არც განათლების სამინისტრო აღმოჩნდა. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული პარტიის წევრებმა სასამართლოში გაასაჩივრეს.