ვინ მართავს 2-ტრილიონიან ინდუსტრიას - მოდის სამყაროს 11 უმდიდრესი ოჯახი

მსოფლიო 1780901240
ტანსაცმელი

გლობალური მოდის ინდუსტრია კოლოსალური ფინანსური მანქანაა, რომლის გაყიდვებიც მიმდინარე წელს, პროგნოზების მიხედვით, 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

თუმცა, ბრენდული ლოგოებისა და სწრაფი მოდის მიღმა მარტივი რეალობა დგას: ინდუსტრიის უმსხვილეს ნაწილს მილიარდერთა რამდენიმე ოჯახი აკონტროლებს.

ვინ არიან მსოფლიოში მოდის იმპერიების „მბრძანებლები“

წარმოგიდგენთ 11 ყველაზე გავლენიან დინასტიას მოდის სამყაროში, კაპიტალის მიხედვით:

11. ლორენების ოჯახი (The Lauren family) - 14.1 მილიარდი დოლარი

ბრენდები: Ralph Lauren, Polo, Purple Label

1967 წელს რალფ ლორენის მიერ მამაკაცის ჰალსტუხების ხაზით დაწყებული ბიზნესი ამერიკულ მოდის სიმბოლოდ იქცა. ოჯახი ფლობს კომპანიის მესამედს და ხმის უფლების 85%-ს.

ბრენდის განვითარებას ამჟამად რალფის ვაჟი, დევიდ ლორენი ხელმძღვანელობს.

10. პინოების ოჯახი (The Pinault family) - 29.5 მილიარდი დოლარი

ბრენდები: Kering (Gucci, Saint Laurent, Alexander McQueen)

ფრანსუა პინომ საქმიანობა 1963 წელს ხე-ტყით ვაჭრობით დაიწყო, ხოლო 1999 წელს Gucci-ს საკონტროლო პაკეტის შესყიდვით მოდის გიგანტად იქცა.

ოჯახი ფლობს Kering-ის 42%-ს. ბიზნესს ახლა მისი ვაჟი, ფრანსუა-ანრი პინო მართავს. ოჯახის მფლობელობაშია ასევე სააუქციონო სახლი Christie's.

9. ნაიტების ოჯახი (The Knight family) - 31.1 მილიარდი დოლარი

ბრენდები: Nike

ფილ ნაიტმა Nike 1964 წელს მინიმალური ბიუჯეტით დააფუძნა და სპორტულ ფეხსაცმელებს საკუთარი მანქანის საბარგულიდან ყიდდა. დღეს ბრენდის წლიური გაყიდვები 46 მილიარდი დოლარია.

ფილი მართალია, გადადგა თავმჯდომარეობიდან, თუმცა ოჯახთან ერთად კომპანიის 21%-იან წილსა და კონტროლს ინარჩუნებს.

8. პერსონების ოჯახი (The Persson family) - 34.6 მილიარდი დოლარი

ბრენდები: H&M, COS, Arket, & Other Stories

ხელმისაწვდომი მოდის გიგანტი 1947 წელს ერლინგ პერსონმა შვედეთში დააფუძნა. შარშან ქსელის გაყიდვებმა 25 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ოჯახი ფლობს აქციების 66%-სა და ხმის უფლების 84%-ს.

კომპანიას ამჟამად ერლინგის შვილიშვილი, კარლ-იოჰან პერსონი ხელმძღვანელობს.

7. ბრენინკმეიერების ოჯახი (The Brenninkmeijer family) - 41.2 მილიარდი დოლარი

ბრენდები: C&A

ოჯახმა მე-19 საუკუნის თეთრეულით ვაჭრობის ბიზნესი ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ტანსაცმლის რითეილერად, C&A-დ აქცია. დინასტია ბიზნესს ჰოლდინგ COFRA-ს მეშვეობით მართავს, რომელიც ასევე უძრავ ქონებასა და კერძო კაპიტალს აკონტროლებს.

6. დელ ვეკიოების ოჯახი (The Del Vecchio family) - 54.6 მილიარდი დოლარი

ბრენდები: EssilorLuxottica (Ray-Ban, Oakley და სათვალეები Prada, Chanel, Armani-სთვის)

იტალიის უმდიდრესმა მოდის კლანმა იმპერია ოპტიკურ გიგანტზე ააშენა, რომლის საბაზრო ღირებულებაც 94 მილიარდი დოლარია.

ლეონარდო დელ ვეკიოს გარდაცვალების შემდეგ, ქონება მის ქვრივსა და ექვს შვილზე გადანაწილდა, რომლებიც კომპანიის მესამედს ფლობენ.

5. იანაის ოჯახი (The Yanai family) - 61.8 მილიარდი დოლარი

ბრენდები: Fast Retailing (Uniqlo, GU, Theory, Helmut Lang)

ტადაში იანაიმ 1984 წელს საფუძველი ჩაუყარა Uniqlo-ს, რომელიც ყოველდღიური ტანსაცმლის გლობალურ ფენომენად იქცა. ჯგუფის წლიური გაყიდვები 22 მილიარდი დოლარია. იანაის ოჯახი კომპანიის მესამედზე მეტს ფლობს.

4. ვერტჰაიმერების ოჯახი (The Wertheimer family) - 78.8 მილიარდი დოლარი

ბრენდები: Chanel

ძმები ალენი და ჟერარ ვერტჰაიმერები ერთობლივად ფლობენ Chanel-ს, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე მოდის ბრენდია (34.2 მილიარდ დოლარად შეფასებული).

მათმა პაპამ, პიერ ვერტჰაიმერმა, ბიზნესი 1920-იან წლებში თავად კოკო შანელთან პარტნიორობით დაიწყო.

3. ორტეგას ოჯახი (The Ortega family) - 161.2 მილიარდი დოლარი

ბრენდები: Inditex (Zara, Massimo Dutti, Pull&Bear, Bershka)

ამანსიო ორტეგამ ბიუჯეტური მოდის გიგანტი Zara 1975 წელს დააფუძნა. დღეს კონგლომერატის წლიური ბრუნვა 46.5 მილიარდი დოლარია.

ამანსიო კომპანიის თითქმის 60%-ს ფლობს, ხოლო მისი ქალიშვილი, მარტა ორტეგა, 2022 წლიდან Inditex-ის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

2. ჰერმესის ოჯახი (The Hermès family) - 167.7 მილიარდი დოლარი

ბრენდები: Hermès

ცნობილი Birkin-ის ჩანთებისა და აბრეშუმის შარფების მწარმოებელი ფრანგული სახლი, რომელიც 1837 წელს დაარსდა, კვლავ ოჯახის ხელში რჩება.

დამფუძნებლის შთამომავლები (დიუმას, გერანისა და პიუშის შტოები) ბიზნესის დაახლოებით ორ მესამედს აკონტროლებენ.

1. არნოების ოჯახი (The Arnault family) - 171 მილიარდი დოლარი

ბრენდები: LVMH (Louis Vuitton, Dior, Tiffany & Co, Sephora)

ბერნარ არნოს ოჯახი მართავს მსოფლიოს უმსხვილეს მოდის კონგლომერატ LVMH-ს, რომლის წლიური გაყიდვები 94 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

მხოლოდ ფლაგმანი ბრენდი Louis Vuitton 40.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

არნოები ჯგუფის აქციების ნახევარზე მეტს ფლობენ, ხოლო ბერნარის ხუთივე შვილი კონგლომერატის სხვადასხვა პოზიციებზეა დასაქმებული.

წყარო: lovemoney.com