საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ დაიწყო

ბიზნესი 1682690765
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ დაიწყო

საქართველოს ბანკმა სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, 10 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 82 მონაწილე შეირჩა, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ერთი წლის განმავლობაში 13 განსხვავებულ პროგრამაზე მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება.

„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და კარიერული განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორს“ ახორციელებს.  პროგრამის ფარგლებში, მეშვიდე ნაკადის მონაწილეების გადამზადება უკვე დაიწყო. 10 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 82 მონაწილე შეირჩა, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ერთი წლის განმავლობაში 13 განსხვავებულ პროგრამაზე მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. ამასთანავე, გაიარონ ტრენინგები, გამოცდილი მენტორების ჩართულობით იმუშაონ მათთვის საინტერესო პროექტებზე და განივითარონ ახალი უნარები. პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკზე სრულად არის მორგებული.

კომპანია უკვე მეშვიდე წელია აქტიურად ახორციელებს პროგრამა „ლიდერატორს“, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პოზიციაზე იმუშაონ მათთვის საინტერესო პროექტებზე, განახორციელონ საკუთარი იდეები, ამასთან, მიიღონ ანაზღაურება და შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება. „ლიდერატორის“ უნიკალური ხასიათიდან გამომდინარე, პროგრამა ხშირად სტუდენტების პირველ სამსახურადაც იქცევა, რაც მათთვის კარიერულ საფეხურზე სწრაფ ზრდას განაპირობებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ წელს „ლიდერატორს” ორი ახალი პროგრამა - საბანკო სამართალი და ფინანსური და საინვესტიციო ანალიზი დაემატა.

პროექტი „ლიდერატორი“ 2017 წლიდან ხორციელდება და მასში უკვე 377-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, პროგრამის დასრულების შემდეგ კი მონაწილეთა 84%-მა კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო.

„ლიდერატორის“ ფარგლებში თითოეული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე Leaderator.bog.ge.