ანაპის სანაპიროზე ნავთობით დასვრილი ასობით მკვდარი ფრინველი იპოვეს

მსოფლიო 1776163320
ანაპი

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ანაპის სანაპიროზე ნავთობით დასვრილი 200-ზე მეტი მკვდარი ფრინველი იპოვეს.

ექსპერტების შეფასებით, ფრინველები შესაძლოა, კურორტიდან 11 კილომეტრში აღმოჩენილ ნავთობის ლაქაში მოყვნენ.

ეს მოვლენა მთავრობის განცხადებებს დაემთხვა, რომ 2024 წლის დეკემბერში ქერჩის სრუტეში ტანკერის ჩაძირვის შედეგად გამოწვეული მასიური დაბინძურების შემდეგ პლაჟები უახლოეს მომავალში პირველად გაიხსნება. მაშინ ზღვაში, დაახლოებით, 4000 ტონა მაზუთი ჩაიღვარა.

მარტის ბოლოს რუსეთის ვიცეპრემიერ ვიტალი საველიევმა განაცხადა, რომ ზღვაში ჩაღვრილი მაზუთის 90%-ზე მეტი ამოღებულია, წყალი გამოსაყენებლად უსაფრთხოა და ანაპის პლაჟების გახსნა 1 ივნისისთვის იგეგმება. კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევმა დასძინა, რომ ზაფხულის დაწყებამდე პლაჟებზე 50 სმ-მდე სისქის ქვიშის დამატებითი ფენა განთავსდება.

თუმცა თებერვლის შუა რიცხვებში სანაპირო ზოლზე ჩაღვრილი მაზუთის ახალი ემისიები გაჩნდა.

„როსპრიროდნადზორი“ აღიარებს, რომ მთელი მაზუთის ამოღება შეუძლებელია, რადგან ერთ-ერთი ჩაძირული ტანკერიდან საწვავი კვლავ ჟონავს. სრულიად რუსეთის გარემოს დაცვის საზოგადოების სამეცნიერო-ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, რეგიონის სრულ გაწმენდას სამ წელზე მეტი დრო სჭირდება.

ყუბანის რეგიონული სამუშაო ჯგუფი ამტკიცებს, რომ ახალი ლაქა ძველი დაბინძურების გამო კი არა, შესაძლოა, შავ და აზოვის ზღვებში გემებზე დრონებით ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შედეგად გაჩნდა. კერძოდ, 5 აპრილს აზოვის ზღვაში ხორბლის გადამზიდავი „ვოლგო-ბალტი“ ჩაიძირა, ხოლო ცოტა ხნით ადრე ტაგანროგის ყურეში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა ნაყარი ტვირთმზიდი დააზიანა.