1733738781
500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო Web Summit-ში მიიღეს მონაწილეობა
13-16 ნოემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში Web Summit-ი გაიმართა. ღონისძიებამ თავი მოუყარა 160-ზე მეტი ქვეყნის 2 600-ზე მეტ სტარტაპს, 70 000-ზე მეტ მონაწილესა და 800-ზე მეტ ინვესტორს, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიას ცვლიან. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, Web Summit 2023-ზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ,,აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, წელს მასშტაბური სივრცით იყო წარმოდგენილი.
წელს სამიტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის მიერ რეგიონში 500 Georgia-ს სახელით განხორციელებული აქსელერაციის პროგრამის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაკადის მონაწილეებმა.
სამიტმა სტარტაპების დამფუძნებლებს შესაძლებლობა მისცა, დაემყარებინათ საერთაშორისო კავშირები, გასცნობოდნენ ინდუსტრიის ტენდენციებს, მიეღოთ წვდომა ვენჩურული კაპიტალის ეკოსისტემაზე. ამასთან, ჩამოეყალიბებინათ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რომელიც დააჩქარებს მათი ბიზნესის ზრდას. საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში, 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებმა საკუთარი კომპანიები საქართველოს პავილიონში წარადგინეს.
Web Summit-ში მონაწილეობდნენ 500 Georgia-ს მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაკადის შემდეგი სტარტაპები:
Kings
Kings-ი „freemium” მოდელის გამოყენებით ორგანიზებას უწევს ონლაინ აკადემიურ ოლიმპიადებს სკოლის მოსწავლეებისთვის;
QuickShipper
QuickShipper-ი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ეხმარება ბიზნესებს, 20%-ით შეამცირონ ტრანსპორტირების ხარჯები საწყობიდან მომხმარებლამდე, საკუთარი ტრანსპორტირების სერვისით. ხოლო, მაქსიმალური დატვირთვის დროს, გამოიყენონ გარე კომპანიების მიწოდების სერვისი.
Epoint
ეს არის კომფორტული e-commerce გადახდის ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია ყველა იმ მერჩანტისთვის, ვინც იყენებს ონლაინ გაყიდვებს.
Fortu Wealth
Fortu Wealth კერძო საბანკო გადაწყვეტაა, რომელიც შექმნილია მაღალი შემოსავლის მქონე ინდივიდებისთვის.
DataMind
DataMind ეხმარება თანამედროვე კომპანიებს, შეაგროვონ, შეინახონ, მართონ და გამოიყენონ მონაცემები მონაცემთა საცავის სერვისის მეშვეობით, დაჯგუფებებისა და დროითი შეზღუდვების გარეშე.
Awork
Awork ქართული დასაქმების აპლიკაციაა, რომლის მეშვეობითაც სამსახურის მაძიებელს შეუძლია შეადგინოს რეზიუმე, გაფილტროს ვაკანსიები ლოკაციის, საჭირო გამოცდილებისა და სექტორის მიხედვით, ასევე ვებგვერდიდან გაუსვლელად, გაგზავნოს რეზიუმე სასურველ პოზიციაზე. პლატფორმა დამსაქმებელს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ბიზნეს პროფილით გააციფრულოს და მართოს HR პროცესები.
Beep
Beep აძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს, შექმნას ვიზუალური უკუკავშირი რეალურ დროში, რაც სამუშაო პროცესის გამარტივებას უწყობს ხელს.
My AI
My AI ავსტრიული სტარტაპია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, გაზარდონ მომხმარებლის ლოიალობა ინოვაციური ფინანსური ინფრასტრუქტურით. მისი მეშვეობით, ბრენდს შეუძლია შექმნას ლოიალობის პროგრამის ქულები, რომელთა გამოყენებაც მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ლოიალობის პროგრამაში შეუძლიათ.
STORI
STORI ქართული სტარტაპია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კომპანიებს კონტენტის შექმნაში, მის გამოქვეყნებასა და სამიზნე აუდიტორიამდე მიტანაში ეხმარება.