„არსებული ფასების შემცირება წარმოუდგენელია - ძალიან ვწუხვარ, რომ რითეილ სექტორი პრობლემებზე არ საუბრობს“ - ივა ჭყონია

ბიზნესი 1769584483
ივა ჭყონია

„არსებული ფასების დონის შემცირება დღეს წარმოუდგენელია“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა ივა ჭყონიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დისტრიბუტორთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა, პრობლემების შესახებ არაერთ იმ პირთან ჰქონია შეხვედრა, ვინც დღეს ფასების საკითხზე შექმნილი სამთავრობო კომისიის წევრია და მათგან მიუღია პასუხი, რომ „თავისუფალი ბაზრის პრინციპს მიჰყვებიან“.

„საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, ადგილობრივი წარმოებაც თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული იმპორტირებულ ნედლეულზე. პირდაპირ ვართ მიბმული უცხოურ ვალუტაზე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დოლარი სტაბილურია, თუმცა, მოდით ევროს კურსს შევხედოთ. პროდუქციას ვყიდულობთ ევროში, დოლარსა და სხვა ვალუტაშიც. რუსეთშიც რუბლი როდესაც მყარდება, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა იმპორტიორებისთვის, რადგან რუსეთის ბაზარზე მიბმული ვართ ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქტებით, როგორიც არის ხორბალი, ფქვილი, მზესუმზირის ზეთი და ა.შ. რუბლში კონვერტაციაც ბევრ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძირითადად სავაჭრო ვალუტა ევროპელებთან, სადაც ჯერ კიდევ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა და არანაირი გადასახადი არ გვაქვს, არის ევრო, შესაბამისად, ევრო 2.95 რომ იყო და ახლა 3.2-ია, ეს რაღაცამ ხომ უნდა დააბალანსოს?

არსებული ფასების დონის შემცირება დღეს წარმოუდგენელია, ამაზე მუშაობა უნდა დაგვეწყო პირობითად 2017-2018-2019 წლებში მაინც. ამ პროცესებში ჩართული უნდა იყოს ეროვნული ბანკი და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ბრალდებული გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი [იმ დროისთვის ივა ჭყონია დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი იყო] ვეხვეწებოდით, რომ მოდი არსებობს პრაქტიკა ევროპაში და ეს გავაკეთოთო. ჩვენ წლების წინ შეხვდით გახარიას, მათაც, ვინც კობახიძის გარშემო იჯდა კომისიაზე, ნახევართან პირადად მე ვარ შეხვედრილი, მაქვს საკმაოდ მწვავედ ნასაუბრები და ამიხსნია პრობლემები. მე რომ ვუყურებ ამ კომისიას ტელევიზიით, გაფართოებული თვალებით იყურებიან კომისიაზე მსხდომი ადამიანები - ეს ის პირები არიან, ვინც ზუსტად იცის და ვისთანაც იდენტიფიცირებული მაქვს პრობლემები და უთქვამთ, რომ ჩვენ თავისუფალი ბაზრის პრინციპით მივყვებით, ვერავის ვერ შევზღუდავთ და ზედმეტი რეგულაცია არ გვინდაო“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

ამასთანავე, რესპონდენტმა ისაუბრა რითეილზე და აღნიშნა, რომ რითეილ სექტორმა უნდა ისაუბროს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც რეალურად აქვთ.

„ძალიან ვწუხვარ, რომ რითეილ სექტორი იმ პრობლემებზე არ საუბრობს, რაც აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემები მათაც აქვთ და ის პროცენტები, რასაც იღებენ სადისტრიბუციო კომპანიებისა და ადგილობრივი მწარმოებლისგან, ამის საჭიროება აქვთ, მაგრამ რითეილმა უნდა ახნას, რომ მე რომ ვართმევ მას [დისტრიბუტორებს, მწარმოებლებს] 50%-ს, ეს მჭირდება რაღაცაში და მოგება მაქვს ამდენი. მოგება დანაშაული არ არის, ნებისმიერი ბიზნესი აწყობილია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება დარჩეს, ამაში როგორ უნდა დავადანაშაულოთ“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.