ბაზრის 76%-ს იკავებენ - რომელია გაყიდვების მიხედვით 5 ლიდერი მარკეტი

ბიზნესი 1763192640
სურსათი

2025 წლის 9 თვეში ტოპ-5 კომპანიის წილი ბრენდული ქსელების შემოსავლებში 76%-ს შეადგენდა - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) მიმოხილვაში.

საანგარიშო პერიოდში ჯამური შემოსავლების უდიდესი წილი „დეილი ჯგუფზე“ მოდიოდა. აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „დეილი ჯგუფმა“ ბაზრის ტოპ 20-ეულში შემავალი რამდენიმე კომპანია გააერთიანა. ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდნენ შპს „ფუდმარტი“ (ბრენდებით „სპარი“, „იოლი“ და „კალათა“), შპს „დეილი“, შპს „გვირილა რითეილი“ („გვირილა“) და შპს „რითეილ ჯგუფი“ („მაგნიტი“). შედეგად, „დეილი ჰოლდინგი“ ფლობს 1 600-ზე მეტ მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამასთანავე, „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, შემოსავლების კუთხით ლიდერი მარკეტების ხუთეულს ავსებს „ორი ნაბიჯი“, „ნიკორა ჯგუფი“, „ კარფური“ და „აგროჰაბი“.

„დეილი ჯგუფი“ რჩება ბაზრის უპირობო ლიდერად. მისი წილი ბრენდული ქსელების შემოსავლებში განსაკუთრებით მაღალია რეგიონებში, ხოლო თბილისში მცირედით უსწრებს ძირითად კონკურენტებს. დეილი ჯგუფის წილი შეადგენს ჯამური ბაზრის 29.1%-ს (რეგიონებში - 41.4%, თბილისში - 19.3%). ბაზრის მეორე პოზიციაზე გადავიდა ორი ნაბიჯი ბრენდული ბაზრის 18.1%-იანი წილით (თბილისში - 19.3%, რეგიონებში - 16.6%). მესამე ადგილზეა ნიკორა ჯგუფი 16.3%-იანი წილით (თბილისში - 19.0%, რეგიონებში - 13.0%). კარფური და აგროჰაბი მეოთხე და მეხუთე ადგილებს იკავებენ, შესაბამისად“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 9 თვეში FMCG ბაზარი წლიურად 10.0%-ით გაიზარდა 17.9 მილიარდ ლარამდე. აქედან, ბრენდული ქსელების შემოსავალმა 7.5 მილიარდი ლარი შეადგინა (ბაზრის 41.8%), რაც წლიურად 11.6%-იანი ზრდაა. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით და რეგიონული ექსპანსიით. ამასთან, სხვა სავაჭრო ფორმატების შემოსავლები წლიურად 8.9%-ით გაიზარდა.