Bluetabla - საახალწლო პერიოდში გაყიდვების 40%-მდე ზრდას ველოდებით

ბიზნესი 1732010576
Bluetabla

საახალწლო პერიოდში გაყიდვების 40%-მდე ზრდას ველოდებით, - ამის შესახებ ქართული ისტორიის, ხელოვნების, ტრადიციების და კულტურის მოტივებზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების კომპანიის Bluetabla-ს წარმომადგენელმა გიორგი შენგელიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, Bluetabla საახალწლოდ ახალი დიზაინების დამატებას გეგმავს.

"გაყიდვების ძირითადი ფაზა Black Friday-ის პერიოდიდან, ანუ მომდევნო კვირიდან დაიწყება. ზოგადად წლიური გაყიდვების ჭრილში დაახლოებით, 35%-მდე საახალწლო პერიოდზე მოდის. 

რაც შეეხება ამჟამინდელ მაჩვენებელს - წინა წელთან შედარებით ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა 40%-მდე გაიზარდა. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ქართველები არიან. 

რამდენიმე მოლში განვაახლეთ ჩვენი სტენდები და მომავალ წელს ვფიქრობთ გაფართოებას რეგიონების მიმართულებით. გარდა ამისა, კომპანია 2025 წელს ახალი კატეგორიების დამატებასაც ვფიქრობთ", - აცხადებს გიორგი შენგელია.

რაც შეეხება ექსპორტს - გიორგი შენგელიას თქმით, კომპანია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში სატესტო რეჟიმში აგზავნის პროდუქციას, თუმცა მომავალი წლიდან აღნიშნულის მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, ექსპორტის წილი მთლიან გაყიდვებში, დაახლოებით, 1%-ს შეადგენს.

ცნობისთვის, Bluetabla ბაზარზეა 2014 წლიდან და დღესდღეობით ასაქმებს 67 ადამიანს. 

კომპანია ფლობს 8 მაღაზიას, რომელთაგან 7 თბილისში,  1 ბათუმში მდებარეობს. ასევე მოქმედებს ონლაინ www.bluetabla.ge , რომლის მეშვეობით  პროდუქციის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.

bp.ge