eCommerce Day Georgia 2025-ზე ანა შაქარიშვილმა საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა

ბიზნესი 1762435186
bog

31 ოქტომბერს იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის  ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia გაიმართა. შეხვედრაზე მსოფლიოსა და საქართველოს წამყვანი კომპანიების ლიდერებს დაეთმო სცენა. მათ 400-მდე სტუმარს ინდუსტრიის უახლესი ტრენდები და ინოვაციური მიდგომები გააცნეს.

ღონისძიებაზე საქართველოს ბანკის უფროსმა პროდაქტ ოუნერმა, ანა შაქარიშვილმა საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა. მისი გამოსვლის მთავარი თემა იყო ის, თუ როგორ ცვლის ბანკი გადახდების კულტურას და როგორ უჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესს, გადალახონ დროისა თუ საერთაშორისო ბაზრების ბარიერები.

“eCommerce Day Georgia უკვე მესამე წელია, მნიშვნელოვანი თანამშრომლობის სივრცეს ქმნის. ეს არის ადგილი, სადაც ინდუსტრიის მონაწილეები ერთმანეთს რეალურ გამოწვევებსა და ინოვაციურ მიდგომებს უზიარებენ. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, საქართველოს ბანკის ინოვაციურ მიდგომებზე მესაუბრა. დღეს ციფრული ინსტრუმენტებისადმი მოთხოვნა სწრაფად იზრდება — განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში. ისინი ცდილობენ, საკუთარი პროდუქტი ონლაინ არხებში გაყიდონ და საზღვრებსაც გასცდნენ. საქართველოს ბანკში ჩვენ სწორედ ამ მიზნისთვის ვქმნით სრულ ეკოსისტემას — ერთ სივრცეს, სადაც მეწარმეს შეუძლია, ონლაინ რეგისტრაცია გაიაროს, სულ რამდენიმე წუთში  გახდეს საქართველოს ბანკის მერჩანტი და სხვადასხვა სერვისითა და გადახდის მეთოდით ისარგებლოს”, - აცხადებს ანა შაქარიშვილი.

eCommerce Day Georgia 2025-ის მონაწილეები გლობალური ლიდერების - Amazon Web Services, Google Cloud, VISA, Amadeus და სხვა ბრენდების გამოცდილებას გაეცნენ. კონფერენციაზე დისკუსიები ხელოვნური ინტელექტის როლზე ელექტრონულ კომერციაში, ონლაინ სერვისების პლატფორმების განვითარებაზე, ლაივ და სოცმედია ელ.კომერციის სტრატეგიებზე და სხვა საკითხებზე გაიმართა.

იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებდა, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.