მუზეუმების 8 ყველაზე ძვირადღირებული და გახმაურებული ძარცვა

ძარცვა

რამდენიმე დღის წინ, პარიზის ლუვრი გაქურდეს. სამმა ადამიანმა რვა ძვირფასი ნივთის მოპარვას 7 წუთი მოანდომა. ზარალის ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა, როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ნივთები „შეუფასებელია“. მოპარულ ნივთებს შორისაა: იმპერატრიცა ეუხენიას დიადემა, დეკორატიული ბაფთა და ბროში, ნაპოლეონის ზურმუხტისფერი საქორწინო საჩუქრების ნაკრების ნაწილები, ასევე საფირონის დიადემა, ყელსაბამი და საყურე.

ქურდობა ლუვრში თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაულია, თუმცა ისტორიას ახსოვს მრავალი მსგავსი ფაქტიც, რომელთა ნაწილიც არც ისე შორეულ წარსულში მომხდარა.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • ბრილიანტების ქურდობა „მწვანე საცავიდან“

2019 წელს, დრეზდენის სასახლის „მწვანე საცავიდან“ დაახლოებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების ხელოვნების ნიმუშები და სამკაულები მოიპარეს. სხვა ნივთებთან ერთად, ქურდებმა ბრილიანტების კომპლექტები წაიღეს. სამკაულების უმეტესობა 2022 წელს იპოვეს, თუმცა ნაწილი უკვალოდ დაიკარგა. დამნაშავეები 2023 წელს გაასამართლეს.

  • ბროში დოჟების სასახლიდან

დოჟების სასახლის მუზეუმის დაცვამ ვერ შეძლო რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების საყურეებისა და ბროშის ქურდობის თავიდან აცილება. ქურდებმა სიგნალიზაციის დროებით გამორთვა და ქურდობის ჩადენა სულ რაღაც 60 წამში მოახერხეს. დანაშაული გამოიძიეს, თუმცა ხელოვნების ზოგიერთი ნიმუში ვერ იპოვეს.

  • „ინდოეთის ვარსკვლავი“

მე-17 საუკუნეში ცეილონში აღმოჩენილი 563.35-კარატიანი საფირონი „ინდოეთის ვარსკვლავი“ ამჟამად ნიუ-იორკში, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში ინახება. თუმცა, 1964 წელს, ფასდაუდებელი ქვა და სხვა ექსპონატები საგამოფენო დარბაზიდან მოიპარეს. ქურდები შენობაში ღია ფანჯრიდან სახანძრო კიბეებით შევიდნენ. მათ ვიტრინები შუშის საჭრელით გახსნეს და ქვები ჩანთაში ჩაყარეს. ქურდები ორი დღის შემდეგ დააკავეს, მოპარული სამკაულების უმეტესი ნაწილი კი მაიამის ავტობუსების ტერმინალის კარადებში იპოვეს.

  • ჰერცოგინია ჰილდას დიადემა

2017 წელს, გერმანიის ქალაქ კარლსრუეს ეროვნული მუზეუმიდან 367 ბრილიანტით მორთული და 1.31 მილიონ დოლარად შეფასებული დიადემა მოიპარეს. ის მუზეუმის სატახტო ოთახში ჩაკეტილი ვიტრინიდან გაქრა. ნივთი, რომელიც ბადენის უკანასკნელ დიდ ჰერცოგინიას, პრინცესა ჰილდა ფონ ბადენს ეკუთვნოდა, მე-20 საუკუნის დასაწყისით თარიღდება. დიადემა არასოდეს უპოვიათ.

  • ათასწლეულების სამკაულები eBay-ზე

2023 წელს ბრიტანეთის მუზეუმმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების დარღვევის გამო საწყობიდან ფასდაუდებელი არტეფაქტები მოიპარეს. მოპარულ ნივთებს შორის იყო ძვ. წ. XV საუკუნიდან ახ. წ. XIX საუკუნემდე მინისა და ძვირფასი ქვების ოქროს სამკაულები.

მედიის ცნობით, ქურდი იყო პიტერ ჯონ ჰიგსი, ბრიტანეთის მუზეუმის 30-წლიანი ვეტერანი, რომელიც სიძველეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მოპარული ნივთების ნაწილი შემდგომში eBay-ზე ძალიან დაბალ ფასებში განთავსდა. მაგალითად, მოჩუქურთმებული ორნამენტის ფრაგმენტი 40 ფუნტ სტერლინგად (50 დოლარი) გაიყიდა, თუმცა მისი რეალური ღირებულება 50 000 ფუნტ სტერლინგამდე (65 000 დოლარი) მერყეობდა. მოპარული ნივთების საერთო ღირებულება მილიონობით ფუნტს შეადგენს, რომელთაგან ზოგიერთი არასდროს უპოვიათ.

  • ფარაონის სამაჯური\

მიმდინარე წლის სექტემბერში, კაიროში, ეგვიპტის ეროვნული მუზეუმის რესტავრაციის განყოფილებიდან გაუჩინარდა ოქროს სამაჯური, რომელიც ფარაონ ამენემოპეტს ეკუთვნოდა. ნივთი დაახლოებით 3000 წლისაა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქურდობაში კულტურული დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი მონაწილეობდა, რომელმაც ნივთი 9 სექტემბერს მოიპარა. მან 600-გრამიანი სამაჯური საიუველირო მაღაზიის მფლობელს 180 000 ფუნტ სტერლინგად მიჰყიდა, ამ უკანასკნელმა კი ნივთი გადაადნო.

  • ბრინჯაოს ხანის სამკაულები უელსიდან

ქურდობის ერთ-ერთი უახლესი ფაქტი ოქტომბრის დასაწყისში უელსის შტატის ქალაქ კარდიფში, წმინდა ფაგანსის ეროვნულ ისტორიულ მუზეუმში მოხდა. ორმა ქურდმა ბრინჯაოს ხანით დათარიღებული ოქროს ნივთები მოიპარა. ქურდები დააკავეს.

  • ვიკინგების ეპოქის 400 ნივთი

2017 წელს, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში, უნივერსიტეტის მუზეუმიდან ვიკინგების ეპოქის 400 არტეფაქტი გაქრა. მუზეუმის დირექტორმა ინციდენტს „მისი 200-წლიანი ისტორიის ყველაზე საშინელი მოვლენა“ უწოდა. მოპარული ნივთების უმეტესობა პატარა ლითონის ნივთები და სამკაულები იყო. ქურდები მუზეუმის მეშვიდე სართულზე მდებარე შენობაში ფასადზე არსებული ხარაჩოების გამოყენებით შევიდნენ. დანაშაული დღემდე გაუხსნელია.