„ლიმო“ გერმანიის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

ბიზნესი 1720596104
„ლიმო“

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანია „ლიმო“ გერმანიის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „ლიმოს“ დამფუძნებელი ნინო გიორგაძე აცხადებს, გერმანიასთან ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, ჯამში ექსპორტზე "ლიმოს" პროდუქციის 80% იყიდება.

„ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავიტანეთ კორეაში, საფრანგეთში, სომხეთსა და შვედეთში. ორიენტირებულები ვართ, რომ კიდევ უფრო გავფართოვდეთ როგორც ევროპის, ასევე შუა აზიის ქვეყნებში. გარდა ამისა, ამჟამად ჩინეთში ტარდება გამოფენა და ამისთვისაც ვემზადებით. ვფიქრობ, რომ კონკურენტუნარიანი პროდუქტი გვაქვს და აღნიშნულით ჩინეთშიც დაინტერესდებიან. კონკრეტულ გეგმებზე საუბარი გამოფენის დასრულების შემდეგ შემეძლება“, - აცხადებს ნინო გიორგაძე.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, „ლიმოს“ გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 35%-ით არის გაზრდილი.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანია სექტემბერში ახალი კოლექციის გამოშვების პარალელურად, თბილისში ორი სტენდის გახსნას გეგმავს. ნინო გიორგაძის თქმით, აღნიშნულის საინვესტიციო ღირებულება 150 000 ლარი იქნება.

ცნობისთვის, ბავშვის ტანსაცმლის საწარმო „ლიმო“ 2021 წელს შეიქმნა. თავდაპირველად კომპანიის საწარმო გორში მდებარეობდა, თუმცა ამჟამად პროდუქცია თბილისში იკერება, ნედლეული კი თურქეთიდან შემოაქვთ.