ნოემბერში ფეროშენადნობების ექსპორტი რეკორდულად შემცირდა

ფერადშენადნობები

ფეროშენადნობების ბაზარზე 2016 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე ნეგატიური ტრენდი დაფიქსირდა. ნოემბერში, ექსპორტზე მხოლოდ 7.1 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, რაც 2016 წლის თებერვლის შემდეგ ($6.6 მლნ) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ნოემბრის საექსპორტო ექსპორტის კალათაში $3.4 მლნ რუსეთზე მოდის, $1.8 მლნ თურქეთზე, ხოლო დანარჩენი მცირე მოცულობები 6 ქვეყანაზე ნაწილდება.

ფეროს მწარმოებლებს ნეგატიური მოლოდინები აქვთ: ეკონომიკური აქტივობის კლების მოლოდინთან ერთად, მცირდება ფოლადის წარმოება. ამ ფონს დაერთო რუსეთის მიერ ქართულ ფეროშენადნობებზე საბაჟო გადასახადის შემოღება. მიღებული გადაწყვეტილებით, ქართულ ფეროსილიკომანგანუმზე გადასახადის ოდენობა მწარმოებლის მიხედვით განისაზღვრა და ის საბაჟო ღირებულების 21,4%-24,2%-ით განისაზღვრება.

„ფეროშენადნობთა ასოციაციაში“ ელიან, რომ რუსეთის ჩანაცვლებას ქართველი მწარმოებლები აშშ-სა და თურქეთის ბაზრებით შეეცდებიან.

"ეს ორი ბაზარი იქნება ძირითადად. ევროპაც ალბათ, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო (რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაძვირებული ენერგომატარებლები) რთული ვითარებაა ევროპაში ფოლადის წარმოების მხრივ და ქართულ ფეროსილიკომანგანუმზე არ არის ისეთი მოთხოვნა, როგორიც გვინდა რომ იყოს. აშშ-ში მოიმატებს ექსპორტი, რაც ძალიან კარგია. ასევე თურქეთში, რომელიც ჩვენი პარტნიორია. თურქეთში ახორციელებენ ექსპორტს ძირითადად, ჩვენი მცირე ზომის საწარმოები“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას.

მთლიანობაში 2022 წლის 11 თვე ფეროშენადნობების მწარმოებლებისთვის კარგი იყო. საქართველოდან ექსპორტზე 454.8 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, რითაც საექსპორტო კალათაში მესამე ადგილზეა. ექსპორტის ნახევარზე მეტი - 51% აშშ-ზე მოდის. ამ ბაზარზე 232.5 მლნ დოლარის ფერო გავიდა. საექსპორტო ბაზრებში მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა რუსეთი - 108.8 მლნ დოლარით, მესამეზეა თურქეთი, სადაც 57.3 მლნ დოლარის ფეროშენადნობის გატანა მოხდა.

აღსანიშნია, რომ წელს რუსეთში მკვეთრად არის შემცირებული ფეროშენადნობთა ექსპორტი. თუ 2021 წელს, 11 თვეში, ამ ბაზარზე 157 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წელს ეს მაჩვენებელი 31%-ით 108 მლნ დოლარამდეა შემცირებული.