1760953448
რა მოიპარეს ლუვრიდან (+ფოტო)

19 ოქტომბერს სამმა მძარცველმა, ვიზიტორების თვალწინ, ლუვრი გაძარცვა. ცნობილია, რომ ისინი მშენებლებად იყვნენ შენიღბულები. ბოროტმოქმედებმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაულის დროს მუზეუმიდან რვა ძვირფასი სამკაული მოიპარეს, ზარალის ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა ოფიციალურმა პირებმა ის „უთვალავად“ შეაფასეს.
დაჯგუფების სამიზნე ლუვრის აპოლოს გალერეა იყო, სადაც საფრანგეთის გვირგვინის ძვირფასი ქვების ისტორიული კოლექციაა დაცული.
ცნობილია ისიც, რომ ქურდებმა სცადეს ნაპოლეონ III-ის მეუღლის, იმპერატრიცა ეუხენიას გვირგვინის მოპარვა, რომელზეც რვა ოქროს არწივი, 1354 ბრილიანტი, 1136 ვარდისფერი ბრილიანტი და 56 ზურმუხტია დართული. რაც შეეხება მოპარულ ნივთებს, ესენია:
- იმპერატრიცა ეუხენიას დიადემა
იმპერატრიცა ეუხენიას გვირგვინი მის სხვა ნივთებთან ერთად იყო გამოფენილი. უშუალოდ ეს დიადემა, 212 მარგალიტით, 1998 ბრილიანტით და 992 ვარდისფერი ბრილიანტით არის მორთული.
- იმპერატრიცა ეუხენიას დეკორატიული ბაფთა
იმპერატრიცა ატარებდა ამ დეკორატიულ ბაფთას, რომელიც ძვირფასი ქვებითაა მორთული. ის აღწერილი იყო, როგორც ქამრის ცენტრალური ნაწილი, თუმცა ლუვრის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ დასრულებული ნივთის გამოსახულება არ არსებობს. ბაფთა შეიცავს 2 438 ბრილიანტს და 196 ვარდისფერ ბრილიანტს.
- იმპერატრიცა ეუხენიას ბროში
„ლუვრში“ იმპერატრიცას ეკუთვნოდა სხვა ნივთებიც, როგორიცაა ბრილიანტის ბროშები, მათ შორის 1855 წლის ნამუშევარი, რომელსაც რელიქვიის ბროშს უწოდებენ.
- საფირონის დიადემა, ყელსაბამი და საყურე
კომპლექტში შედის 24 ცეილონის საფირონითა და 1083 ბრილიანტით მორთული დიადემა, ასევე რვა საფირონისგან შემდგარი ყელსაბამი, რომლებიც გარშემორტყმულია ბრილიანტებით და ისინი ჩასმულია ოქროს ჩარჩოებში. კომპლექტი შეიცავს ასევე საფირონის საყურეებს. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ძარცვის დროს საყურეებიდან მხოლოდ ერთი მოიპარეს. კომპლექტი თავდაპირველად სამ ბროშს, სავარცხელსა და ორ სამაჯურს მოიცავდა და როგორც „ლუვრის“ ვებგვერდზეა ნათქვამი, „პარიზული სამკაულების ძვირფას ნიმუშს“ წარმოადგენდა.
- ნაპოლეონის ზურმუხტისფერი საქორწინო საჩუქრების ნაკრების ნაწილები
ეს ზურმუხტისფერი და ბრილიანტის ყელსაბამი ლუვრის კოლექციას მხოლოდ 2004 წელს შეუერთდა. თავდაპირველად ის ნაპოლეონმა მეორე მეუღლეს, მარი ლუიზს, 1810 წელს ქორწინებისთვის აჩუქა. ყელსაბამი მოიცავს 32 ზურმუხტს, ასევე მარგალიტს და რომბის ფორმის 1138 ბრილიანტს.
ცნობისთვის, „ლუვრი“ მსოფლიოში ყველაზე მონახულებად მუზეუმებს შორის ლიდერია, გასულ წელს მას 8.7 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა.