პუტინის წინააღმდეგ სპეციალურ ტრიბუნალს ევროკავშირის 26 ქვეყანა შეუერთდა

პუტინი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულებზე შექმნილ სპეციალურ ტრიბუნალში მონაწილეობა ევროკავშირის 27-იდან 26-მა ქვეყანამ დაივალდებულა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ კაია კალასმა განაცხადა, რასაც Deutsche Welle ავრცელებს.

„ეს ტრიბუნალის მუშაობის დაწყებასთან ერთი ნაბიჯით გვაახლოებს... ეს ომი პუტინის რეჟიმმა დაიწყო და შედეგებზეც პასუხი უნდა აგოს,“ - ხაზგასმით ამბობს კალასი.

მისი თქმით, ბრიუსელი ამჟამად ხარჯის შეფასებას, მათ შორის, ნიდერლანდებისგან ელოდება, რის შემდეგაც პროექტზე მუშაობა გაგრძელდება. დაახლოებით, ერთი კვირის წინ ევროკავშირმა სპეციალური ტრიბუნალისთვის 10 მლნ ევრო გამოყო.

კალასი არ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყანა ამბობს უარს ინიციატივაში მონაწილეობაზე, თუმცა, რუსული მედიის ცნობით, ეს უნგრეთი და სლოვაკეთია. მოსკოვი ამთავითვე აცხადებს, რომ სპეციალური ტრიბუნალის ლეგიტიმურობას არ ცნობს და მის გადაწყვეტილებას ბათილად ჩათვლის, ხოლო ამ ორგანოს მუშაობაში ნებისმიერი სახელმწიფოს მონაწილეობას „მტრულ დემარშად“ შეაფასებს.

სპეციალური ტრიბუნალი ოფიციალურ გამოძიებას ჩაატარებს, შეაგროვებს მტკიცებულებებს და რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში შეჭრაზე არიან პასუხისმგებელი, ბრალდებებს მოამზადებს. Deutsche Welle-ს წყარომ განუცხადა, რომ ტრიბუნალს განზრახული აქვს, ბრალი, მინიმუმ, 20 ადამიანს წაუყენოს, თუმცა კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია.

ტრიბუნალი პუტინის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გასამართლებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ისინი თანამდებობებს დატოვებენ და იმუნიტეტს დაკარგავენ. სასამართლო პროცესი შესაძლოა, დაუსწრებლად ჩატარდეს.

ცნობისთვის: სპეციალური ტრიბუნალი, რომელმაც პუტინს მის მიერ დაწყებული ომისთვის პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს, 25 ივნისს შეიქმნა. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინამ და ევროსაბჭომ, რომელიც რეგიონში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მთავარი ორგანოა. ინსტრუმენტი ნიურნბერგის ტრიბუნალის მოდელს ეფუძნება, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტი დამნაშავეები გაასამართლა.

bpn.ge